ზეღდულეთში საძოვრებს კერძო მფლობელები საკითხის მოგვარებამდე ვერ დაამუშავებენ

359

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში საძოვრებს საკითხის გადაწყვეტამდე კერძო მფლობელები ვერ დაამუშავებენ. ამის შესახებ დაპირება ჯერ გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, შემდეგ კი სახელმწიფო რწმუნებულმა ვლადიმერ მჭედლიძემ გასცეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

სადავო მიწის ნაკვეთებზე, როგორც მოსახლეობა აცხადებს, სამუშაო პროცესი ღამის საათებში მიმდინარეობს, რაც ადგილობრივების პროტესტს იწვევს.

კვირას, ზეღდულეთის მოსახლეობამ შეკრება სოფლის ცენტრში დილიდან დაიწყო. ისინი 10 დღის წინ გაცემული პირობის შეუსრულებლობაზე საუბრობდნენ. ანალოგიური აქცია სწორედ მაშინ გაიმართა.

გორის მერი მოსახლეობას შეპირდა, რომ იშუამდგომლებდა კერძო მფლობელებთან და ქონების გამოსყიდვის საკითხზე იმსჯელებდნენ. თუმცა, რა ფორმით და რა პირობით მიმდინარეობს ეს მოლაპარაკება, ამის თაობაზე საჯაროდ არავინ საუბრობს.

დღეს დილით სოფლის ცენტრში შეკრებილი ზეღდულეთელები ავტობანისკენ დაიძრნენ. ისინი პოლიციამ შეიკავა, თუმცა აქციის მონაწილეებმა მთავარ მაგისტრალამდე შემოვლითი გზით მაინც შეძლეს.

მთავარ მაგისტრალზე სამართალდამცველთა მობილიზებულები იყვნენ და მოსახლეობას გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს.

ზეღდულეთის სადავო მიწების გაყიდვის ქრონოლოგია ასეთია:

საჯარო რეესტრის მიხედვით, 2021 წლის ოქტომბრიდან კერძო პირები არიან: გიგა ქათამაძე, ლაშა ჯღენტი, კახა შავდათუაშვილი (კომპანია ელგრანდის სახელით), რომლებმაც 2021 წლის განმავლობაში, მიწა კომპანია ,,ფუდლენდისგან” შეიძინეს.

,,ფუდლენდს” საკუთრებაში მხოლოდ მცირე რაოდენობა დარჩა. ფუდლენდი დააფუძნეს ინდოელმა ინვესტორებმა. თავდაპირველად ეს მიწის ნაკვეთები 2009 წელს შეიძინა კერძო პირმა თამაზ მღებრიშვილმა. მღებრიშვილმა კი ის ფუდლენს მიჰყიდა.