” დღეს დაიწყება 21 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი” – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.
ცესკო-ს ინფორმაციით, საერთო ჯამში, თბილისის ცხრა სტამბაში დაიბეჭდება 9 546 450 ბიულეტენი.
“ბიულეტების ბეჭდვის პროცესს, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან ერთად, დააკვირდება ორი საერთაშორისო და ექვსი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 20 დამკვირვებელი. საარჩევნო ადმინისტრაციამ სტამბების შერჩევის პროცესში სხვა კრიტერიუმებთან ერთად ასევე გაითვალისწინა ისეთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, როგორიცაა ერთეულის კონკურენტუნარიანი ღირებულება, საბეჭდი დანადგარის ხარისხი და სტამბების დაცულობა. აღსანიშნავია, რომ ყველა შერჩეული სტამბა აღჭურვილია ვიდეო სამეთვალყურეო კამერებით”, -განაცხადა ანა მიქელაძემ.
ცესკო-ში განმარტეს, რომ 21 ოქტომბერს ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე გადაეცემა სამი სახის ბიულეტენი:
ერთი – ცისფერი ფერის ბიულეტენი განკუთვნილია პროპორციული არჩევნებისთვის პარტიის ან საარჩევნო ბლოკის ასარჩევად.
მეორე – ვარდისფერი ბიულეტენი – საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ასარჩევად.
მესამე – ღია მწვანე ფერის ბიულეტენი – თვითმმართველი ქალაქის ან თვითმმართველი თემის მერის ასარჩევად.
კანონმდებლობის მიხედვით, საარჩევნო ბიულეტენების ზუსტი აღრიცხვის მიზნით, თითოეული სახის საარჩევნო ბიულეტენი თანმიმდევრობით დაინომრება და 50-50 ცალად აიკინძება ბლოკნოტების სახით. თითოეულ საარჩევნო უბანს ამომრჩეველთა რაოდენობიდან გამომდინარე, გადაეცემა 50-ის ჯერადი ოდენობის ბიულეტენი.
ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების ასარჩევად 1088 მაჟორიტარული სახის განსხვავებული ბიულეტენი დაიბეჭდება. ასევე 64 სახის სხვადასხვა პროპორციული სიის და თვითმმართველი ქალაქისა და თემის მერის არჩევნებისათვის 64 განსხვავებული სახის ბიულეტენი.
“ბიულეტენები ასევე დაიბეჭდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე: ქართულ-აზერბაიჯანულ და ქართულ-სომხურ ენებზე. ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე ბიულეტენები მიეწოდება 208 საარჩევნო უბანს, ხოლო ქართულ-სომხურ ენებზე 133 საარჩევნო უბანს. ასევე ოთხი საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება სამენოვანი ბიულეტენები – ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხურ ენებზე”,- განაცხადა ანა მიქელაძემ.
მისი თქმით, ცესკო კანონით განსაზღვრულ ვადებში, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მეორე დღისა, საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს ბიულეტენებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიები კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უზრუნველყოფენ ბიულეტენების მიწოდებას საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის.
ცესკო-ს ინფორმაციით, საბოლოო მონაცმემებით, ამ არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში საერთო ჯამში რეგისტრირებულია 3 440 123 ამომრჩეველი.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი