ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომა 3 დეკემბერს გაიმართება. საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 12:00 საათზე გაიხსნება.
როგორც ცნობილია, პარტია „საქართველოსთვის“ წევრები ბათუმის საკრებულოს საკრებულოს პირველ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
კანონმდებლობის თანახმად, ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა გაიხსნება, თუ მას ესწრება (რეგისტრირებულია) ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას ხსნის შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო სხდომებს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე უხუცესი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი უძღვება.
ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი შეკრება შემდგარად ჩაითვლება, თუ იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო მუნიციპალიტეტის საკრებულომ, არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. სწორედ ამ დროიდან უწყდება უფლებამოსილება წინა მოწვევის საკრებულოს.
თუ იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა წყდება. ასეთ შემთხვევაში ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს მომდევნო სხდომას იწვევს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია იმ დღიდან 10 დღის ვადაში, როდესაც შესაძლებელი გახდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შესავსებად. თუ გათვალისწინებულ ვადაში ვერ მოხერხდა შესაბამისი რაოდენობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა, ინიშნება ხელახალი არჩევნები.