გორის საკრებულოს წევრები ენმ-დან: ა(ა)იპ-ებში პრობლემების მოსაგვარებლად შესაბამისი ინიციატივების დაყენებას ვაპირებთ

703

ა(ა)იპ-ებში პრობლემების მოსაგვარებლად, ჩვენ ვაპირებთ შესაბამისი ინიციატივების დაყენებას, – ასეთია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების პოზიცია. პარტიის ის წევრები, რომლებიც 2021-2015 წლის მოწვევის საკრებულოს დეპუტატები იქნებიან, გაეცნენ “მოზაიკას” მიერ შემუშავებულ დოკუმენტს “გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპების მართვის პოლიტიკის ცვლილება მათი მუშაობის ეფექტიანობის ზრდისა და საბიუჯეტო თანხების დაზოგვისთვის”. შემდეგ კი, “მოზაიკას” დოკუმენტის აღსრულების საკუთარი ხედვა გაუზიარეს.

“ძალიან მნიშვნელოვანია ის დოკუმენტი, რომელზეც თქვენ იმუშავეთ. საკრებულოს წევრები “ნაციონალური მოძრაობიდან” ვაპირებთ, რომ თქვენს მიერ გამოკვეთილი ჩვენს მიერ წარსადგენ ინიციატივებში მოვაქციოთ“, – თქვა ანი ბალიაშვილმა, ენმ-ის სიის II ნომერმა.

დოკუმენტში, რომელიც პროექტის “ადვოკატირების კამპანია გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციისათვის” ფარგლებში მომზადდა, ა(ა)იპ-ებში არსებული პრობლემები და მათი მოგვარებისთვის საჭირო აქტივობები დეტალურად არის გაწერილი.

გვანცა დოლუაშვილი, ‘მოზაიკას” დირექტორი:

ეს არის სახელმძღვანელო დოკუმენტი, როგორც მერისთვის, ისე საკრებულოს წევრებისთვის. მასში დეტალურად არის გაწერილი ის ნაბიჯები, რომლებიც თანმიმდევრულად უნდა გადადგან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რათა მოაგვარონ ყველა ის პრობლემა, რომლებიც მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში საკადრო პოლიტიკის, თანხების არაეფექტურად ხარჯვის, პოლიტიზირების თუ დაბალი ინსტიტუციური კულტურის კუთხით არსებობს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ფიქრობენ, რომ უმცირესობაში ყოფნის მიუხედავად, ისინი მაქსიმალურად გამოიყენებენ დეპუტატის მანდატებს ა(ა)იპ-ებში ვითარების გასაუმჯობესებლად.

ანი ბალიაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა:

მართალია უმცირესობაში ვართ, თუმცა გვაქვს ტრიბუნა, სადაც ამ ყველაფერთან დაკავშირებით ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ. ამ ტრიბუნას ჩვენ ამ მიზნით აუცილებლად გამოვიყენებთ და ისევ და ისევ საზოგადოებრივი აზრის შექმნით, დარწმუნებული ვარ ა(ა)იპ-ების მუშაობას და საბიუჯეტო თანხების ხარჯვას უფრო მეტად ეფექტურს გავხდით.

პარტიის წევრი შალვა სრესელი ამბობს, რომ მისი პარტია სირღმისეულად დაიწყებს თითოეული ა(ა)იპ-ის საქმიანობის შესწავლას და ამ ფორმით ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის გაზრდას ეცდება.

“ეს ყველაფერი სამუშაო პროცესია, რაშიც აუცილებლად უნდა იყოს ჩართული თითოეული გადაწყვეტილების მიმღები პირი, მათ შორის ჩვენც, საკრებულოს წევრები. ა(ა)იპ-ების მუშაობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას უნდა ვიღებდეთ კვარტალური და წლიური ანგარიშებიდან. მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი აღარ უნდა იყოს ფორმალურად ამობეჭდილი ფურცელი. ის ნათლად უნდა ასახავდეს თითოეული იურიდიული პირის საქმიანობას და რაც მთავარია, როგორც აქამდე იყო, მხოლოდ მადლობებით არ უნდა სრულდებოდეს ამ ანგარიშების განხილვა საკრებულოს სხდომებზე.“

შეგახსენებთ, რომ 2021-2025 წლის მოწვევის საკრებულოს 9 წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები იქნებიან.