აუდიტი: თბილისის განვითარების ფონდი კომპანიებს ათობით მილიონ ლარს ავანსად აძლევს, რომელთა ნაწილი წლის განმავლობაში აუთვისებელია

880

თბილისის განვითარების ფონდი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიებზე ათობით მილიონ ლარს ავანსად გასცემს, რომლის სრულად ათვისებას კომპანიები ხშირად ერთ წელზე მეტ დროს ანდომებენ, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც თბილისის განვითარების ფონდის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტს ეხება.

აუდიტის ანგარიშში წერია, რომ 2018-2019 წლებში განხორციელებული შესყიდვების პროცესში თბილისის განვითარების ფონდი იყენებს ავანსირების (წინასწარი გადახდის) მექანიზმს. სხვადასხვა ხელშეკრულებების პირობებიდან გამომდინარე, წინასწარი ანგარიშსწორება ხელშეკრულებების ღირებულებების 50-90%-ის ფარგლებში მერყეობს. 2018-2019 წლებში ორგანიზაციას მიმწოდებლებისთვის ავანსის სახით გაცემული აქვს 66,592.7 ათასი ლარი, 14 2018 წელს გადახდილი 33,935.4 ათასი ლარის ავანსისგან წლის განმავლობაში ათვისებულია 20,942.0 ათასი ლარი, ხოლო 2019 წელს − 32,657.3 ათასი ლარიდან, ათვისებულია 16,256.8 ათასი ლარი. ცხრილში ნაჩვენებია გამოყენებული საავანსო ანგარიშსწორება კომპანიების მიხედვით.

2018-2019 წლებში კომპანიების მიერ მიღებული ავანსი (ლარი)

2018 წელს:

შპს „ინ-სი“  – 16,436,858.4

შპს „ანაგი“  – 16,361,827.9

შპს „იკორთა 2007“  – 771,979.7

2019 წელს:

შპს „ანაგი“ – 16,803,077.0

შპს „ინ-სი“  – 9,814,740.4

ამხანაგობა „დაგი-სი-ეს“ – 2,947,721.0

შპს „იკორთა 2007“ 2,538,089.0

აუდიტის ცნობით, ორგანიზაციის ავანსირების მექანიზმის გამოყენებისას, ფინანსური რესურსების მართვის შესწავლის პროცესში გამოვლინდა, რომ მიმწოდებლებზე დიდი რაოდენობის ავანსი გაიცემა, რომლის სრულად ათვისებას ისინი ხშირად ერთ წელზე მეტ დროს ანდომებენ. შესაბამისად, კომპანიები ორგანიზაციის ფინანსურ რესურსს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იყენებენ, კერძოდ:

2018 წლის 26 თებერვალს თბილისის განვითარების ფონდმა გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის სარესტავრაციოდ ხელშეკრულება გააფორმა შპს „ანაგთან“, საერთო ღირებულებით − 15,208.2 ათასი ლარი. სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2021 წლის 30 ივნისი. ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში მიმწოდებელმა ავანსის სახით მიიღო 887.2 ათასი ლარი. იმავე წელს, 25 და 26 დეკემბერს შემსრულებელს დამატებით ავანსის სახით ჩაერიცხა 6,000.0 ათასი ლარი.

აღსანიშნავია, რომ ერთი წლის განმავლობაში ორგანიზაციასთან სამუშაოების შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა. პირველი მიღება-ჩაბარების აქტი მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის 2019 წლის 5 ივნისს გაფორმდა. ჯამში, მიმწოდებელმა 2019 წელს 1,838.2 ათასი ლარის სამუშაოები შეასრულა.

აქედან, 1,546.1 ათასი ლარი ათვისებული ავანსია, ხოლო დანარჩენი ნაწილი − 2019 წელს  შემსრულებელს აუნაზღაურდა მიღება-ჩაბარებების აქტის საფუძველზე. შედეგად, შემსრულებელმა 2018 წელს ავანსის სახით მიიღო 6,887.2 ათასი ლარი, რომელსაც 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ათვისებული აქვს 1,546.1 ათასი ლარი, მთლიანი თანხის 22%.

2019 წლის 17 ოქტომბერს თბილისის განვითარების ფონდმა ხელშეკრულება გააფორმა შპს „ანაგთან“, საერთო ღირებულებით − 7,959.2 ათასი ლარი. ხელშეკრულების მიხედვით, მიმწოდებელს უნდა ჩაეტარებინა ფურცელაძის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობების რესტავრაცია-რეაბილიტაცია. სამუშაოების საბოლოო მიწოდების ვადად განისაზღვრა 2021 წლის 31 მარტი. შემსყიდველმა მიმწოდებელს 2019 წლის 31 ოქტომბერს 3,979.6 ათასი ლარი გადაურიცხა წინასწარი ანგარიშსწორების სახით.

მხარეებს შორის გაფორმებულია ერთი მიღება-ჩაბარების აქტი, 2020 წლის 6 აგვისტოს, საერთო ღირებულებით − 1,585.3 ათასი ლარი. მიმწოდებელს მეტი შესრულება აუდიტის მიმდინარეობის პროცესში არ წარმოუდგენია. მიუხედავად ამისა, 2019 წლის 30 დეკემბერს მას დამატებით ავანსის სახით ჩაერიცხა 1,898.8 ათასი ლარი.

შედეგად, თბილისის განვითარების ფონდმა მიმწოდებელს 2019 წელს ჯამში ავანსის სახით 5,878.4 ათასი ლარი გადაუხადა, მაშინ როდესაც 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მხოლოდ 1,585.3 ათასი ლარის სამუშაოების მიღება-ჩაბარება განხორციელდა. 2019 წლის 5 ნოემბერს თბილისის განვითარების ფონდმა საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის მიზნით ხელშეკრულება გაუფორმა შპს „ანაგს“, საერთო ღირებულებით − 10,684.7 ათასი ლარი. სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2021 წლის 30 ივნისი.

ხელშეკრულების ფარგლებში შემსყიდველმა მიმწოდებელს 2019 წლის 21 ოქტომბერს ავანსის სახით 5,342.3 ათასი ლარი გადაუხადა. ამავე წლის 30 დეკემბერს შპს-ს ისევ ჩაერიცხა ავანსი − 3,500.0 ათასი ლარის ოდენობით.

2020 წლის ნოემბრის მდგომარეობით კი მიმწოდებელს მხოლოდ ერთი მიღება-ჩაბარების აქტი აქვს წარმოდგენილი 2020 წლის 15 ოქტომბერს, ღირებულებით − 591.2 ათასი ლარი. დასახელებული ხელშეკრულებების ფარგლებში შპს „ანაგთან“ ავანსის სახით 2018 წელს გაცემული 6,887.2 ათასი ლარიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე, ათვისებული აქვს 1,546.1 ათასი ლარი. 2019 წელს მიმწოდებლისთვის გადარიცხულია 14,720.7 ათასი ლარი, ხოლო ერთი წლის განმავლობაში წარმოდგენილია მხოლოდ 2,176.5 ათასი ლარის შესრულება. შედეგად, შემსრულებელი 2018-2019 წლებში გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში 17,885.3 ათასი ლარის რესურსს, საშუალოდ, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყენებს.

2018 წლის 26 თებერვალს თბილისის განვითარების ფონდმა, გუდიაშვილის მოედნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების მიზნით, შპს „ინ-სი“-სთან გააფორმა ხელშეკრულება საერთო ღირებულებით − 22,222.8 ათასი ლარი. პროექტის დასრულების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 31 დეკემბერი.

2018 წელს მიმწოდებელმა სამუშაოების შესასრულებლად ავანსის სახით მიიღო 11,554.0 ათასი ლარი, 10 ნაწილად. ავანსის გაცემის პროცესის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ 2018 წლის 13 აპრილს ფონდმა მიმწოდებელს წინასწარი ანგარიშსწორების სახით გადაურიცხა 728.4 ათასი ლარი, რომლის შესაბამისი შესრულება შპს-მ მხოლოდ მომდევნო წლის მარტში წარმოადგინა.

2018 წელს მიმწოდებელს 29 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით, ოთხ ნაწილად − 1,956.3 ათასი ლარი გადაერიცხა, რომლის შესაბამისი შესრულება მხოლოდ 2019 წლის ივლისში განხორციელდა. ამავე ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ინ-სი“-მ 2019 წლის 15 თებერვალს 1,557.5 ათასი ლარი მიიღო, რომლის შესაბამისი შესრულება მხოლოდ 2020 წლის აპრილში წარმოადგინა.

“თბილისის განვითარების ფონდის მენეჯმენტის განმარტებით, კომპანიები მითითებულ პერიოდში რეალურად მუშაობდნენ და სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულებული ჰქონდათ, მაგრამ მიღება-ჩაბარების აქტებს წარმოადგენდნენ მნიშვნელოვანი დაგვიანებით. აღნიშნული განმარტება აუდიტის ჯგუფისთვის ვერ ჩაითვლება საკმარის საფუძვლად, რადგან ფონდმა აუდიტის ჯგუფს ვერ წარუდგინა დოკუმენტები, სადაც დასტურდება, რომ მიმწოდებელს სამუშაოები დასრულებული ჰქონდა,”- წერია აუდიტის დასკვნაში.