გორის მუნიციპალურ ტრანსპორტში ბილეთს მხოლოდ მგზავრთა 20-25% იღებს

317

გორის მუნიციპალურ ტრანსპორტში ბილეთს დღეში საშუალოდ 4 000 მგზავრი იღებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

მაგალითისთვის, ოქტომბრის თვეში ტრანსპორტის სააგენტოში მგზავრთა მიერ გადახდილმა თანხამ 58 835 ლარი შეადგინა. მგზავრობის ღირებულება 50 თეთრია, გამოდის, რომ ერთ თვეში მხოლოდ 117 670-მა მგზავრმა გადაიხადა მგზავრობის საფასური.

ტრანსპორტის სააგენტოს ანგარიშში წერია, რომ საშუალოდ ერთი მგზავრის გადაყვანის თვითღირებულებაა 1,99 ლარი. სააგენტოს ცნობით, ეს ინფორმაცია დათვლილია იმ მგზავრთა რაოდენობაზე რომლებიც იხდიან მგზავრობის ღირებულებას.

“მონიტორინგის სამსახურის მონაცემებით, მგზავრობის გადასახადს იხდის მხოლოდ მგზავრთა 20-25%. სააგენტოს ცნობით, 2021 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით უწყების შემოსავალმა შეადგინა 336 312 ლარი, რაც მთლიანად საწვავის ხარჯს მოხმარდა” , – აღნიშნულია სააგენტოს ანგარიშში.

საშუალოდ, თვეში გორის მუნიციპალურ ტრანსპორტს 129 733 ლარის დიზელი და 2 093 ლარის ბენზინი სჭირდება, გარდა ამისა, ყოველთვიურად ავტობუსების დასუფთავება, დეზინფექცია და ტექნიკური მომსახურება ჯამში საშუალოდ, 37 000 ლარი ჯდება.