თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, ხმაურია. ფიზიკური დაპირისპირება აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის მოხდა.
აქციის მონაწილეები ცდილობდნენ სასამართლოს ეზოსთან არსებულ ბეტონის მოაჯირზე ასვლას და იქიდან პროტესტის გამოხატვას. ამის საშუალება პოლიციის თანამშრომლებმა მათ არ მისცეს.
მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლოს ეზოსთან საპროტესტო აქციაზე სიტუაცია დაიძაბა, პოლიციამ აქციის მონაწილეების მისამართით სპეციალური ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.
სამართალდამცველები ძალის გამოყენებით მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსა და სამოქალაქო აქტივისტებს სასამართლოს ტერიტორიას ატოვებინებენ. ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
ცნობისთვის, დღეს, მიხეილ სააკაშვილის პროცესი, რომელიც 11 საათზე იყო ჩანიშნული, ამ დრომდე არ დაწყებულა.
სასამართლო 7 ნოემბრის საქმეზე იმსჯელებს. სააკაშვილის პროცესის პარალელურად ოპოზიციამ აქცია დააანონსა. იქამდე, კი თავად ექსპრეზიდენტმა მოუწოდა მხარდამჭერებს ამ დღეს შეკრებისკენ.
ამ სხდომამდე სააკაშვილს სამჯერ უთხრეს უარი საკუთარ პროცესზე დასწრებაზე, მიზეზად იუსტიციის სამინისტრო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და უსაფრთხოებას ასახელებდა. საერთაშორისო პარტნიორები, უფლებადამცველები, ომბუდსმენი, ელჩები და არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს არ უნდა შეეზღუდოს საკუთარ სხდომაზე დასწრების უფლება.
22 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ვინაიდან ექსპრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა, გამოირიცხა ერთი ფაქტორი, რომლის გამოც ის სასამართლოში არ მიჰყავდათ. მისივე თქმით, ექიმების შესაბამისი დასკვნის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა, ის შემდგომ სასამართლო პროცესზე დარბაზში მიეყვანათ.