სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, 200 000 სოციალურად დაუცველის დასაქმების პროგრამის არსი საბიუჯეტიო ხარჯების არა დაზოგვა, არამედ მათი სწორად გამოყენებაა. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ახალი პროგრამის დეტალებზე საუბარისას განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ პროგრამა ევროპულ ქვეყნებში არსებულ გამოცდილებას იზიარებს და სოციალუარად დაუცველი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება.
„200 000 ადამიანი ძალიან დიდი სამუშაო ძალაა, რომელიც შეიძლება ღირებულებას ქმნიდეს და მათი ეკონომიკური და სოციალური მდგომაროება უნდა უმჯობესდებოდეს და არა უარესდებოდეს. ამიტომ პროგრამის არსი საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა არ არის, უბრალოდ მათი უფრო სწორად გამოყენებაა– შევქმნათ დამატებით ღირებულებები რეგიონებში“, – განაცხადა დავითაშვილმა.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა განმარტა, რომ ეს ადამიანები სოციალურ დახმარებასთან ერთად შრომით ანაზღაურებას დაუფარავად მიიღებენ.
„მათ დაასაქმებს როგორც კერძო სექტორი, ისე სახელწმიფო. სამუშაო ძალაზე მოთხოვნა მათ შორის სოფლის მეურნეობის სექტორში დიდია, ხშირად სეზონური სამუშაოებია და საკმაოდ დიდი დისბალანსია მოწოდებასა და მოთხოვნას შორის. ამ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველები სწორედ იმის გამო ამბობენ უარს, რომ მათ სოციალური დახმარების შეჩერების შიში აქვთ. ჩვენს პროგრამაში ეს მკაფიოდ იქნება დაზღვეული. მათ პირიქით გაუუმჯობესდებათ მდგომარეობა. მაგალითად მან მიიღოს ის სოციალური ბენეფიტი, რასაც იღებს და მიიღო შრომითი ანაზღაურება თამამად ღიად და დეკლარირებულად, არ მალავდეს ამას. ეს მისი და ოჯახის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს“, – განმარტა მინისტრმა.
კითხვაზე – მაგალითად სოციალურად დაუცველი დასაქმდა სოფლის მეურნეობის რომელიმე დარგში და გარკვეული პერიოდის შემდეგ დასრულდა ეს სამუშაოები, დაუბრუნდება თუ არა მას სოციალურად დაუცველის სტატუსი, ლევან დავითაშვილმა ასე უპასუხა: „მას ჩვენ შევუნარჩუნებთ შემოსავალს, რომელიც დღეს ჰქონდა; შესაბამისად, ის დაზღვეულია. იქიდან გამომდინარე, რომ სამუშაო დროებითია, სეზონურია, მას შემოსავლის ის წყარო, რომელიც ჰქონდა ავტომატურად უნდა აღუდგეს და ის მინიმალური გარანტიები, რომელიც საკმაოდ მწირია – მათ უნდა შეუნარჩუნდეთ და დამატებითი შესაძლებლობები უნდა გაჩნდეს ლეგალური დასაქმებისთვის“.
მინისტრის განმარტებით, გარკვეული ბენეფიტებს დასაქმების პროგრამიდან ბიზნესებიც მიიღებენ, რადგან სახელმწიფო მუშახელის გადამზადების ხარჯებს თავად გასწევს და სრულფასოვან ბაზებს შექმნის, რაზეც ფინანსური რესურსი მიიმართება.
“სხვადასხვა უწყების დონეზე მუშახელის საჭიროებების ბაზები გაერთიანდება და სახელმწიფო ამაშიც დამატებით ხარჯებს გაიღებს. ეს იმას გულისხმობს, რომ მათ ნორმალური სამუშაო პირობები, შესაბამისი ეკიპირება ჰქონდეთ, კვალიფიკაცია შეიძინონ ტრენინგის ფორმატში როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული წვრთნა მიიღონ ტექნიკური პროფესიული სასწავლებლებისგან და ამაში განათლების სამინისტრო ჩაერთვება. ადამიანებს, რომლებიც შეეჩვევიან შრომას, მეტი შემოსავლის მიღებისა და კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლების საშუალება მიეცემათ“, – განმარტა ლევან დავითაშვილმა.