შეამცირონ შტატები, არ იყვნენ პოლიტიზირებულები, გააუმჯობესონ სერვისების ხარისხი, დამოუკიდებლად მოიძიონ ფინანსები – ეს ის ძირითადი რჩევებია, რომლებსაც გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების მისამართით გასცემენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
რადიო “მოზაიკამ” ონლაინ გამოკითხვის საშუალებით შეაგროვა მოქალაქეთა პასუხები კითხვაზე, რას ურჩევდით გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებს. რჩევების ძირითადი ნაწილი საკადრო პოლიტიკას, თანხების ხარჯვას და არჩევნებში ა(ა)იპ-ების თანამშრომელთა ჩართულობას ეხება.
მოქალაქეთა რჩევების ძირითადი ნაწილი საკადრო პოლიტიკას ეხება. ისინი ფიქრობენ, რომ ა(ა)იპ-ებში პრობლემების გამოსწორებაზე ზრუნვა, საკადრო პოლიტიკის ცვლილებით და საშტატო ნუსხების გადახედვით უნდა დაიწყოს.
“თანამშრომლები კონკურსის წესით უნდა ინიშნებოდნენ. ბიუჯეტის 30 პროცენტზე მეტი არ უნდა იხარჯებოდეს ხელფასებში. მათ უნდა შექმნან პროდუქტი, რომლითაც მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები ისარგებლებენ”, – ასეთია ერთ-ერთი მოქალაქის რჩევა.
“შეამციროს თანამშრომელთა რაოდენობა, გამჭვირვალე და მკაცრი კონკურსით შეარჩიოს კადრი.გამოავლინონ კრეატივი და პასუხისმგებლობა”, – ეს რჩევაც გორში მცხოვრებ მოქალაქეს ეკუთვნის.