პარლამენტის არც ერთი კომიტეტი დღეს დაგეგმილ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვას არ აპირებს

304

პარლამენტის არც ერთი კომიტეტი დღეისთვის დაგეგმილ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვას არ აპირებს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ შემუშავებული, საბიუჯეტო ცვლილების კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვის გრაფიკის მიხედვით, რომელიც პარლამენტის ბიუროს 22 ნოემბრის სხდომაზე წარედგინა და პარლამენტის თავმჯდომარემ დაამტკიცა, 24 ნოემბერს საბიუჯეტო ცვლილებებზე რვა კომიტეტს უნდა ემსჯელა. ეს კომიტეტებია: – დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა, ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ საკითხთა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტები, თუმცა არც ერთი მათგანი დღეისთვის სხდომის გამართვას არ გეგმავს.

როგორც აღნიშნული კომიტეტებში განმარტავენ, 2021 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები მათ პროფილურ სამინისტროებს არ ეხება და ცვლილებებს, რა მიმართულებითაც ის ხორციელდება, შესაბამისი დარგობრივი კომიტეტები განიხილავენ.

მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებები იზრდება და 6 468,9 მლნ ლარით განისაზღვრება, რაც დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 376,0 მლნ ლარით არის გაზრდილი. აღნიშნული ზრდა მთლიანად პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას წარმოადგენს, რაც მოიცავს საწოლების მობილიზებას, ინფიცირებულთა მკურნალობას, ტესტირების ხარჯებს და პანდემიის მართვაში ჩართული სამედიცინო პერსონალის დანამატების ანაზღაურებას, ასევე ვაქცინაციის მოცვის გაზრდისთვის წამახალისებელი პროგრამის დაფინანსებას (60 წლის და მეტი ასაკის პირთა ანაზღაურება ვაქცინაციის შემთხვევაში) აღსანიშნავია, რომ დამატებით გამოყოფილი თანხიდან 250,0 მლნ ლარამდე არის უკვე შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება.

გარდა ამისა, 60.0 მლნ ლარით იზრდება თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები და 990.0 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება. ზრდა გათვალისწინებულია თავდაცვის უწყებაში წარმოქმნილი დეფიციტის დასაფინანსებლად. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს და კომიტეტის მხრიდან 100,0 მლნ ლარამდე თანხის დამატების მოთხოვნა დაყენებული იყო ივლისში განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებების დროსაც, თუმცა იმ პერიოდში არსებული ფისკალური რესურსის გათვალისწინებით, მხოლოდ 30,0 მლნ ლარი დაემატა.

ამავე ცვლილებებით, საერთო სასამართლოებისთვის გამოყოფილი ასიგნებები მცირდება 12,0 მლნ ლარით.

როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, ახალი შენობის მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხის ათვისება მიმდინარე წლის ბოლომდე ვერ მოხდება და შესაბამისად, შესაძლებელია აღნიშნული თანხის შემცირება. ძირითადად სავალუტო კურსების და სპროცენტო განაკვეთების ცვლილების შედეგად სახელმწიფო ვალების მომსახურებისა და დაფარვისთვის გათვალისწინებული ასიგნებები ჯამში მცირდება 85,0 მლნ ლარით, მათ შორის: – საშინაო ვალის მომსახურება მცირდება – 20,0 მლნ ლარით; საგარეო ვალის მომსახურება მცირდება 50,0 მლნ ლარით და საგარე ვალის დაფარვა მცირდება 15,0 მლნ ლარით.