გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში საძოვრების გასხვისებას აპროტესტებენ

409

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში, შაბათს დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი წლების წინ გასხვისებული საძოვარი ფართობების დამუშავების უფლებას მის ამჟამინდელ მფლობელს დილიდან არ აძლევდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

სოფლის მოსახლეობამ იმ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეჩერება სცადა, რომლითაც მიწის მოხვნა მიმდინარეობდა.

ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა მოსახლეობა შეაჩერეს, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა.

ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია, მიღებული გადაწყვეტილებით, სადაო მიწის ფართობებზე ხვნის პროცესი 5 დღის განმავლობაში შეჩერდება. ამ პერიოდში სოფლის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას დავის სამართლებრივ ფორმატში დაწყებასთან დაკავშირებით.

სოფლის მოსახლეობასთან შესახვედრად “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ჩავიდნენ, მოგვიანებით კი ზეღდულეთში გორის მუნიციპალიტეტის მერი ჩავიდა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილის განცხადებით, აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად ერთადერთი მართებული გზა სამართლებრივი დავაა.