პროექტის “გურიის ეროვნული პარკის დაფუძნება” ფარგლებში მოქალაქეებისთვის საგრანტო კონკურსი ცხადდება

517

გურიის მთიანი ლანდშაპტის უნიკალური ბუნების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWP) შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით ახორციელებს პროექტს გურიის ეროვნული პარკის დაარსებისთვის.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამიზნე სოფლებში მუდმივად მცხოვრებ ან/და რეგისტრირებულ მოქალაქეს:

  • ლიხაურის თემი, სოფლები: ნიაბაური, ლიხაური (აჭი).
  • მაკვანეთის თემი, სოფლები: გოგიეთი, ზემო მაკვანეთი.
  • შემოქმედის თემი, სოფლები: გომი, გონებისკარი, შემოქმედი.
  • ცხემლისხიდის თემი, სოფლები: ცხემლისხიდი, ბაღდათი.
  • ვაკიჯავარის თემი, სოფლები: ფამფალეთი, ვაკიჯვარი.
  • მთისპირის თემი, სოფლები: უკანავა, ვანისქედი, მთისპირი.

კონკურსის მიმართულებები: შინამეურნეობაში ან/და სამეზობლებში ან/და სოფელში არსებული პრობლემების გამოვლენა და გადაჭრა. მაგალითად: საჯარო სივრცეების კეთილმოწყობა. გარემოსდაცვა, ტურიზმის განვითარება, საოჯახო სასტუმრო, მეფუტკრეობა, მესაქონლეობა, საკალმახე მეურნეობა, წისქვილი, საძოვრები, სანთლის არაყის წარმოება, ვაზის გაშენება/მოვლა, საცხენოსნო ტურები, ტურისტული ბილიკები, მდინარის ადიდებით გამოწვეული პრობლემების მოგვარება, უნიკალური წყაროების ან/და ადგილების გამოვლენა/დაფიქსირება, მტაცებელი ცხოველებისგან დაცვა. შესაძლებელია ფესტივალების, სპორტული შეჯიბრებების, სასწავლო კონფერენციების, მასტერ კლასების მოწყობა.

საპროექტო იდეის განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • განმცხადებლის სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონი;
  • პროექტის განხორციელების ადგილი;
  • საპროექტო იდეის აღწერა;
  • განხორციელების ვადები – მაქსიმალური ვადაა 2 თვე;
  • საჭირო ბიუჯეტის მოცულობა და ხარჯების განაწილება. თითო საპროექტო იდეის ბიუჯეტის მაქსიმალური მოცულობაა 300 ევროს ექვივალენტი ლარში.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • გადასაჭრელი საკითხის აქტუალურობა.
  • საპროექტო იდეის შესაბამისობა საჭიროებასთან.
  • პრობლემის მოგვარების გზების ეფექტურობა.

როგორც საგრანტო კონკურსის აღწერაში ვკითხულობთ, საპროექტო იდეები წარდგენილი უნდა იქნას 2021 წლის 25 ნოემბრამდე წერილობით ან ელექტრონულად yscozurgeti@gmail.com-ზე ან საპროექტო იდეა წერილობით შეგიძლიათ წარადგინოთ უშუალოდ თქვენს სოფელში კონკურსის ჩატარების დღეს.

საპროექტო იდეების განხილვა და გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება საკონკურსო ჟიურის მიერ საჯაროდ, ღია კონკურსის გზით, უშუალოდ კონკურსის სამიზნე სოფელში გამართულ შეხვედრაზე.

კონკურსი ჩატარდება 25 ნოემბრის შემდეგ, სამიზნე სოფლებში ცალ-ცალკე – მათი ჩატარების ადგილსა და დროზე ინფორმაცია დამატებით გამოქვეყნდება, ასევე, დაზუსტება შეგიძლიათ თემის ფასილიტატორებთან ან/და კონკურსის კოორდინატორთან.

საკონკურსო ჟიურის შემადგენლობაში შედის 5 წევრი, აქედან 2 წევრს კონკურსის ჩატარების დღეს თავად სოფლის წარმომადგენლები აირჩევენ.

საგრანტო კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.