თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, ვიქტორ წილოსანის ინფორმაციით, ახალი სატრანსპორტო საშუალებები, რომელიც ქვეყანაში 2022 წლის დასაწყისში შემოვა სრულად ახალი ხაზების დამატებისთვის იქნება გამოყენებული. როგორც წილოსანმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, საუბარია 180 ერთეულ ავტობუსსა და 600 მიკროავტობუსზე, რაც დედაქალაქის მაცხოვრებლებს გადაადგილების პრობლემას მნიშვნელოვნად შეუმცირებს.
„ახალი ხაზები წლის ბოლომდე კიდევ დაემატება და ეს პროცესი გაგრძელდება. იცით, რომ 180 ერთეული ავტობუსი გვაქვს შეძენილი, რომელიც თებერვლის ბოლომდე ჩამოვა, ასევე 600 მიკროავტობუსია ხაზზე გასაშვები, ჩავთვალოთ რომ ესენი ყველა განკუთვნილია იმისთვის, რომ ახალი ხაზები შეიქმნას. ეს შეამცირებს მოლოდინის დროს და ხელმისაწვდომი გახდება მგზავრობა იმ ადამიანებისთვის, ვისთანაც დღეს ტრანსპორტი არ მიდის.
ე.წ. ბასლაინების დახაზვაც გაგრძელდება, გერმანელებთან ერთად დამუშავებულია ახალი დერეფნები და მალე დავიწყებთ ამის იმპლემენტაციას“ – განაცხადა წილოსანმა.
ინფორმაციისთვის, 20 ნოემბრიდან მგზავრებს მიკროავტობუსების 6 ახალი მარშრუტები მოემსახურება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.