“საქართველოსთვის”: მხარს ვუჭერთ გორის მერიის ა(ა)იპ-ებში ვითარების გაუმჯობესებას

256

ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში არსებული პრობლემები გამოვასწოროთ, – ასეთია პარტიის “საქართველოსთვის” წარმომადეგნლების პოზიცია. პარტიის ის წევრები, რომლებიც 2021-2015 წლის მოწვევის საკრებულოს დეპუტატები იქნებიან, გაეცნენ “მოზაიკას” მიერ შემუშავებულ დოკუმენტს “გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპების მართვის პოლიტიკის ცვლილება მათი მუშაობის ეფექტიანობის ზრდისა და საბიუჯეტო თანხების დაზოგვისთვის”. შემდეგ კი, “მოზაიკას” დოკუმენტის აღსრულების საკუთარი ხედვა გაუზიარეს. ამის შესახებ გამოცემა წერს.

“მე მინდა შეგიქოთ ეს დოკუმენტი, ნამდვილად დიდი შრომაა ჩადებული და აშკარად ჩანს, რომ გულდასმითაა შესწავლილი შესაბამისი საკითხები და კონსტრუქციულადაა გაწერილი გადასადგმელი ნაბიები, რაც არსებულ რეალობას შეცვლის უკეთესობისკენ“, – თქვა შეხვედრისას პარტიის სიის I ნომერმა მერაბ გოხელაშვილმა.

დოკუმენტში, რომელიც პროექტის “ადვოკატირების კამპანია გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციისათვის” ფარგლებში მომზადდა, ა(ა)იპ-ებში არსებული პრობლემები და მათი მოგვარებისთვის საჭირო აქტივობები დეტალურად არის გაწერილი.

ნინო ჩიბჩიური, პროექტის კოორდინატორი: “დოკუმენტში გაწერილი აქტივობების განხორციელება უზრუნველყოფს მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში სიტუაციის მკვეთრად გაუმჯობესებას რამდენიმე მიმართულებით – საკადრო პოლიტიკას გახდის მეტად გამჭვირვალეს და სამართლიანს, გაზრდის ბიუჯეტის ხარჯვის ეფექტურობას, შემაცირებს ა(ა)იპ-ების პოლიტიზირებას და აამაღლებს მათ ინსტიტუციურ კულტურას. ამისთვის 4 წლის განმავლობაში გასაკეთებელი აქტივობები გაწერილია მერიის და საკრებულოს მისამართით”.

პარტია “საქართველოსთვის” წევრები ფიქრობენ, რომ დოკუმენტის აღსრულებისთვის აუცილებელია თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორებთან.

მაგალითად, მერაბ გოხელაშვილი ფიქრობს, რომ ეფექტიანი იქნება თანამშრომლობა მმართველ პარტიასთან, რათა “ქართული ოცნების” დეპუტატები დარწმუნდნენ ა(ა)იპ-ებში არსებული პრობლემების მოგვარების საჭიროებაში.

მერაბ გოხელაშვილი, “საქართველოსთვის”: “მნიშვნელოვანია სამუშაო შეხვედრები მერიასთანაც, რადგან ბიუჯეტის პროქტის მომზადების ეტაპზე, მათაც გაითვალისწინოს თანხების დაზოგვის და შემცირების საჭიროება. ამის მერე კი, უკვე საკრებულოს დონეზე დავსხდებით და განვიხილოთ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი და რისი – არა. როდესაც საკრებულოში ბიუჯეტის განხილვა იქნება, რაოდენობრივად ჩვენი ხმები ვერ გადაწონის უმრავლესობას, მაგრამ ვფიქრობ შესაძლებელია, მთელი რიგი საკითხების შესახებ „ოცნების“ დეპუტატების დაფიქრებაც, თუ კარგად მივაწვდით სათქმელს”.

მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა გაცილებით ეფექტიანად მიაჩნია პარტია “საქართველოსთვის” სიის II ნომერს, მამუკა ფანიაშვილს. ის ფიქრობს, რომ დოკუმენტის აღსრულებისთვის აუცილებელი იქნება საზოგადოების ზეწოლა ადგილობრივ ხელისუფლებაზე,

მამუკა ფანიაშვილი, “საქართველოსთვის”: “ჩვენ ახლა საკრებულოში რაოდენობრივ წნეხს ვერ გავაკეთებთ, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიმართ და საზოგადოების წნეხის იმედზე უნდა ვიყოთ. ეს იქნება მედიის, არასამთავრობო სექტორის ჩართულობით და ა.შ. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში აუცილებელია „მოზაიკას“ მიერ წარმოდგენილ ამ დოკუმენტს საკრებულოს თითოეული წევრი გაეცნოს; აუცილებელია ასევე საზოგადოების აქტიურ ნაწილთანაც მოხდეს მისი განხილვა, რათა ისინი დაგვეხმარონ, რომ საზოგადოებრივი წნეხი იყოს მთელი რიგი საკითხების შესრულებისთვის”.

მამუკა ფანიაშვილის და მერაბ გოხელაშვილის თქმით, ისინი მზად არიან, რომ მოახდინონ იმ აქტივობების განხორციელების ინიცირება, რომლებიც დოკუმენტში საკრებულოს მისამართით არის გაწერილი:

“რაც შეგვეხება ჩვენ, როგორც საკრებულოს წევრებს და ფრაქციას, შეგვიძლია მოვახდინოთ საკითხების ინიცირება, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას ანგარიშგებისა და გამჭვირვალეობის ნაწილში. ეს პირველივე სხდომაზე ვერ მოხდება, მაგრამ აუცილებლად გვექნება გათვალისწინებული, რომ დღის წესრიგში დავაყენოთ ეს თემები. ასე, რომ ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ჩართულობა იქნება რომ მუნიციპალური ორგანიზაციების საქმიანობა და სერვისები იყოს საჭიროებებზე მორგებული.“

შეგახსენებთ, რომ 2021-2025 წლის მოწვევის საკრებულოს 3 წევრი პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენლები იქნებიან.