პატიმრის პრივილეგიებით სარგებლობა პირველად გავიგე, ეგეთი რაღაც თუ არსებობდა მსოფლიოში, არ მეგონა. ყველა პატიმარი არის პატიმარი, – ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი „განსაკუთრებული პატიმარია“.
„ესენი არიან ადამიანები, ვინც ჩადიან დანაშაულს. არ ვიცი განსაკუთრებული, არაგანსაკუთრებული, ადამიანს აქვს დანაშაული ჩადენილი და რა თქმა უნდა, მას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება იმ ვადით, რაც აქვს მინიმუმ მისჯილი”, – აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, მე-18 დაწესებულებაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, მისი ჯანმრთელობის დაცვისთვის ყველანაირი პირობაა დაცული.
„შესაბამისი სამსახურის მხრიდან გაკეთდა განცხადებები. დღეს ასევე მთავარი ექიმის განცხადება მოვისმინეთ, რომ მე-18 დაწესებულებაში, სადაც პატიმარი სააკაშვილი იმყოფება, ყველანაირი პირობებია შექმნილი იმისთვის, რომ მკურნალობა ჩატარდეს თუ ამის აუცილებლობა იქნება. ტექნიკური შესაძლებლობებით ყველანაირად აღჭურვილია. გარდა ამისა შესაბამისი ბრიგადებია, რომლებიც მორიგეობენ, თუ რაიმე საჭიროება და აუცილებლობა იქნება, რა თქმა უნდა, მზად არის შესაბამისი სამსახური, რომ დახმარება გაუწიოს და მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული, როგორც ყველა პატიმრის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძე პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებსაც გამოეხმაურა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანას უკავშირდება და რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა „ღირსების შემლახავი“ უწოდა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის აღნიშნული ფორმით საკანში გადაყვანა, მის მიერ წინააღმდეგობის გაწევის გამო მოხდა.
„მიხეილ სააკაშვილი უბრალოდ წინააღმდეგობას უწევდა და ამის გამო იძულებული იყვნენ, რომ ამ ფორმით შეეყვანათ საკანში. ეს კადრები მოთხოვნილი იყო პირველ რიგში თქვენი, ჟურნალისტების მხრიდან, შესაბამისად, შესაბამისმა სამსახურმა ეს კადრები გაავრცელა “, – განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვაზე, ვინ არის პასუხისმგებელი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, კახა კალაძემ განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა პირველ რიგში, მოშიმშილე ადამიანს ეკისრება, რადგან „არავის არ დაუვალებია შიმშილობა “.
„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მოშიმშილე ადამიანები, რადგან მათთვის არავის არ დაუვალებია შიმშილობა. რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.