„დემოკრატიული მოძრაობის” ინფორმაციით, „თბილსერვისიდან“ უკანონოდ გათავისუფლებული დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების სასამართლო პროცესი, რომელიც 1 წლის და 8 თვის მანძილზე გრძელდებოდა, დასრულდა.
პარტიის ცნობით, შრომით დავაში გათავისუფლებული თანამშრომლების ინტერესებს თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა იცავდა.
„თბილსერვისიდან“ თანამშრომლები 2016 წლის იანვარში გაათავისუფლეს. მიზეზი ამ უკანასკნელთა მხრიდან შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქცია იყო.
სასამართლომ „თბილსერვისიდან“ გათავისუფლებული 4 პირის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, მათი გათავისუფლება უკანონო სცნო, აღადგინა სამუშაოზე და მოპასუხეს მათ სასარგებლოდ მთელი დავის პერიოდში მიუღებელი ხელფასის (განაცდურის) ერთბაშად გადახდა დააკისრა: თითოეულისთვის 15 600 ლარის ოდენობით”, – აცხადებენ პარტიაში.
„მე პირადად ვესაუბრე დავით ნარმანიას, როდესაც ამ ხალხს გაფიცვა ჰქონდათ და ვთხოვე, რომ საახალწლოდ არ გაეთავისუფლებინა ეს ხალხი სამსახურებიდან. ნარმანია კი შემპირდა, რომ დაიცავდა გაფიცულთა ინტერესებს, მაგრამ გაყარა ქუჩაში“, – განაცხადა კახა კუკავამ.
წყარო: ინტერპრესნიუსი