ტურიზმის ადმინისტრაცია რეგიონებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის ახალ პროექტს იწყებს

762

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა ტურიზმის ხელშეწყობის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ახალ პროექტს იწყებს.

ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ნოემბერსა და დეკემბერში ტრენინგების კურსი „სოფლის ტურიზმი და ტურისტული მომსახურების თავისებურებები სოფლად“ გაიმართება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტრენინგები აგროტურისტული ობიექტების წარმომადგენელთათვის, საოჯახო სასტუმროებისა და სხვა განთავსების ობიექტების წარმომადგენელთათვისაა განკუთვნილი, რომელზე დასწრებაც სოფლის ტურიზმით დაინტერესებულ და ამ მიმართულებით საქმიანობის დაწყების მსურველებსაც შეეძლებათ.

საქართველოს ეკო-ტურიზმის ასოციაციის მიერ გამართული ტრენინგების თემებია ტურისტული პროდუქტები, წარმატებული ტურისტული პროდუქტების მაგალითები, რეგულაციები და საკანონმდებლო ჩარჩო, ფინანსური აღრიცხვა და ფასწარმოქმნა, დივერსიფიცირებული პროდუქტი და დივერსიფიცირებული კომუნიკაციის არხები და ა.შ.

უწყების ცნობით, სასწავლო კურსი შიდა ქართლის რეგიონში ჩატარდა. სასწავლო კურსი სრულიად უსასყიდლოდ, რეგულაციების სრული დაცვით საქართველოს შემდეგ ქალაქებსა და დაბებში: ბოლნისში, თეთრიწყაროში, ოზურგეთში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ხონში, წყალტუბოში, ხარაგაულში, ზესტაფონში, ბაღდათსა და ვანში გაგრძელდება.
(NS)