ირაკლი ტაბაღუამ რუსთავის მერიაში 4-წლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა

273

ირაკლი ტაბაღუამ 4-წლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა და მისი მერობის პერიოდში განხორციელებული პროექტები შეაჯამა. ტაბაღუამ ძირითადი აქცენტები ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სატრანსპორტო პოლიტიკასა და სოციალურ პროგრამებზე გააკეთა. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.

“ალბათ ყველას ახსოვს პირველი თვენახევარი 2017 წლის, როდესაც მე საქმიანობას შევუდექი, მოხდა პრობლემების იდენტიფიცირება. შემდგომ ამისა, მოხდა ამ პრობლემების ბიუჯეტურად დალაგება, პროექტების შეძენა და შესაბამისი თანხების მოძიება, რომ აღნიშნული გამოწვევებისთვის რუსთავს ეპასუხა.

დავიწყებ იმით, რომ დღეს ჩვენ პრობლემა არ გვაქვს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება მოემსახუროს ნებისმიერ რუსთაველს, დღეს ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, რომ ღვარცოფულმა ნაკადებმა ქალაქს იმხელა ზარალი მიაყენოს, როგორც აქამდე აყენებდა, ჩვენ გვაქვს გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა და ავტოსატრანსპორტო სქემა, ავტობუსებზე მაქვს საუბარი, რომელიც ახალი სტანდარტებით ემსახურება ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენ გვაქვს უფრო მეტად კეთილმოწყობილი ეზოები და სკვერები, რომელიც კარგ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილად იქცა და რა თქმა უნდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც სპორტის სასახლე ჰქვია და რომლის მშენებლობაც დაიწყო”, – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

ტაბაღუამ “ინფო რუსთავთან” იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რომელთან ბრძოლაც მომავალ მერს, ნინო ლაცაბიძეს მოუწევს.

“ქალაქისთვის ამ 4 წლის განმავლობაში სხვა ისეთი პრიორიტეტები გაჩნდა, რომელთან მიმართებაშიც 2022 წლის ბიუჯეტი და ახალი მერის ხედვა თანხვედრაშია. ზუსტად ისე მოხდა ახალი ბიუჯეტის ფორმირება, რომ ამ გამოწვევებს უპასუხოს. ეს არის ისევდაისევ ეკოლოგია, ლიფტების პროგრამა და საცხოვრებელი კორპუსების გამაგრების მიმართულება, ასევე, რა თქმა უნდა, სოციალური მიმართულება”, – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

შემაჯამებელი ღონისძიების ბოლოს ტაბაღუამ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა, ასევე ქალაქის გასაღები გადასცა რუსთავის მომავალ მერს, ნინო ლაცაბიძეს და მას წარმატება უსურვა.

ღონისძიებას ნინო ლაცაბიძესთან და მერიის თანამშრომლებთან ერთად, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რუსთაველი პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავის საკრებულოს წევრები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.