ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგის კურსებს „სოფლის ტურიზმი და ტურისტული მომსახურებების თავისებურებები სოფლად“ იწყებს

366

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა ტურიზმის ხელშეწყობის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ახალ პროექტს იწყებს. ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ნოემბერსა და დეკემბერში ტრენინგების კურსი „სოფლის ტურიზმი და ტურისტული მომსახურების თავისებურებები სოფლად“ გაიმართება.

ტრენინგები აგროტურისტული ობიექტების წარმომადგენელთათვის, საოჯახო სასტუმროებისა და სხვა განთავსების ობიექტების წარმომადგენელთათვის არის განკუთვნილი, დასწრებას კი სოფლის ტურიზმით დაინტერესებული და ამ მიმართულებით საქმიანობის დაწყების მსურველები შეძლებენ.

ტრენინგის, რომელსაც საქართველოს ეკო-ტურიზმის ასოციაციის ტრენერები გამართავენ, თემებია ტურისტული პროდუქტები, წარმატებული ტურისტული პროდუქტების მაგალითები, რეგულაციები და საკანონმდებლო ჩარჩო, ფინანსური აღრიცხვა და ფასწარმოქმნა, დივერსიფიცირებული პროდუქტი და დივერსიფიცირებული კომუნიკაციის არხები და ა.შ.

სასწავლო კურსი ჩატარდა შიდა ქართლის რეგიონში. სასწავლო კურსი სრულიად უსასყიდლოდ, რეგულაციების სრული დაცვით გაგრძელდება საქართველოს შემდეგ ქალაქებსა და დაბებში: ბოლნისი, თეთრიწყარო, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური, ხონი, წყალტუბო, ხარაგაული, ზესტაფონი,ბაღდათი,ვანი.