დედოფლისწყაროს მერი: მიმდინარეობს მსხვილი პროექტები, რომელიც მოსახლეობის ყოველდღიურობას გააუმჯობესებს

336

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოსახლეობამ დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა „ქართული ოცნების“ გუნდს და მათ შორის, მეც, მესამედ გამოგვიცხადა ნდობა. ჩვენ უკვე გამოცდილები ვართ, ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, – ამის შესახებ დედოფლისწყაროს მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული მერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მისი თქმით, მიმდინარეობს მსხვილი პროექტები, რომელიც მოსახლეობის ყოველდღიურობას გააუმჯობესებს.

„პირველ რიგში, აღსანიშნავია, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება, რომელიც მომავალ წელს დასრულდება და პირველად, დედოფლისწყაროს ისტორიაში, მთელს მუნიციპალიტეტს ექნება 24 საათიანი წყალი. გარდა ამისა, მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის სამუშაოები, იქნება ეს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, საბავშვო ბაღებში მდგომარეობის გამოსწორება, თუ სხვა იმ საჭიროებებისა და პრობლემების აღმოფხვრა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს და რომელიც აუცილებლად გადაიჭრება, იმიტომ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ყველაზე ახლოს არის თავის მოსახლეობასთან და ყველაზე მეტად ვიცით, რა არის ის პრობლემები, რომლის გადაჭრაც ხელს შეუწყობს ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას“, – აღნიშნა დედოფლისწყაროს მერმა.