სირაძე დაკავების მიზეზებზე: სახელმწიფო დაწესებულების შენობის ბლოკირება აკრძალულია

572

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქტივისტების დაკავების მიზეზი ისაა, რომ სახელმწიფო დაწესებულების შენობის ბლოკირება კანონით აკრძალულია.

“ბლოკირება სახელმწიფო დაწესებულების შენობის აკრძალულია კანონით”, — პასუხობს ის TV პირველის კითხვას.

აღსანიშნავია, რომ სუს-თან აქტივისტების დაკავება უშუალოდ აქციის დაწყებამდე დაიწყეს. მათი ნაწილი პოლიციამ არათუ შენობის წინ, არამედ შენობის მოპირდაპირედ ტროტუარზე დააკავა. აქტივისტებს აკავებენ ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართულ აქციაზეც.

როგორც მთაწმინდის რაიონის პოლიციის ხელმძღვანელმა, გოგა მემანიშვილმა მთავარ არხს უთხრა, აქტივისტები გზის სავალ ნაწილს ხელოვნურად კეტავდნენ.

“პოლიციელის წინააღმდეგობა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ. გზის სავალ ნაწილს კეტავდნენ ხელოვნურად”, — თქვა მემანიშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 სხვადასხვა ადგილას აქცია იმართება. აქტივისტები ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან შეიკრიბნენ.

დღესვე იგეგმება კიდევ ერთი აქცია, თუმცა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ადგილი არ დაასახელა.

მისივე თქმით, თუ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება ისე, როგორც დაგეგმილია, მაშინ 11-საათიანი აქციების შემდეგ, საქალაქო სასამართლოსთანაც შეიკრიბებიან.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18 დაწესებულების საავადმყოფოში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.