“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ნიკა მელია აცხადებს, რომ დეპუტატები იუსტიციის მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან შეხვედრას მოითხოვენ. მისი თქმით, მათ უნდა ჰქონდეთ უფლება, რომ პასუხისმგებელმა ადამიანმა აუხსნას, რა მოხდა.
“დღევანდელი საქართველო აღარ არის, თუნდაც, გუშინდელი საქართველო. ეს საპროტესტო მოძრაობა არის უწყვეტი, სხვადასხვა სახისა და ფორმის აქციები, სანამ არ იქნება მიზნები მიღწეული. პირველ რიგში — ძალიან სასწრაფო წესით არ იქნება გადაყვანილი მიხეილს სააკაშილი იქ, სადაც უნდა იყოს. უნდა იყოს თავისუფალი, რა თქმა უნდა, ძალიან მალე, მაგრამ მანამდე მის ფიზიკურ უსაფრთხებას საფრთხე ემუქრება, როგორც არასდროს.
ამიტომ მისი გლდანის ციხეში ყოფნა, ყოველი საათი შეიცავს უდიდეს საფრთხეს. ამიტომ ახლა დეპუტატები მოითხოვენ იუსტიციის მინისტრთან, პასსასუხისმგებელ ადამიანთან შეხვედრას და მან უნდა აუხსნას, რა მოხდა. გასაგებია, რომ ბევრს არაფერს არ წყვეტს ბატონი ბრეგაძე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ დეპუტატებს ჰქონდეს შესაძლებლობა, ამ თითქოს, კომპეტენტურ უფლებამოსილ ადამიანთან შეხვედრის”, — განაცხადა მელიამ.
საპროტესტო აქციები დღესაც გრძელდება. ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები დილიდან კანცელარიასთან იყვნენ შეკრებილები. მოგვიანებით, აქციამ იუსტიციის სამინისტროსთან გადაინაცვლა. როგორც მელია აცხადებს, ისინი არ დაიშლებიან მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18 დაწესებულების საავადმყოფოში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.
რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ ანალიზებზე დაყრდნობით კონსილიუმი ერთად ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობაზე შეთანხმდა.
გუშინ თავისუფლების მოედანზე სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა და მსვლელობით კანცელარიასთან გაგრძელდა, სადაც აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში იყვნენ შეკრებილები.