საქართველოში მწვანე პასპორტები 1 დეკემბრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა განმარტა ვინ მიიღებს მწვანე პასპორტს.
„პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიან ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. აქვე მინდა განმარტება გავაკეთო, რომ იყო მოსაზრება კოვიდგადატანილებზე ყოფილიყო 6-თვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს რეკომენდაცია მოგვეხსნა და საბჭომ გაიზიარა ჩემი წინადადება. ამიტომ, მწვანე სტატუსი ექნება პირს, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი“, – განმარტა პრემიერმა.
მისივე თქმით, მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვისა და ტურისტებისთვის. ღარიბაშვილის თქმით, 1 დეკემბრიდან მოქალაქეები სხვადასხვა ობიექტზე შესვლას მხოლოდ მწვანე პასპორტის წარდგენისას შეძლებენ, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე გავრცელდება და არა იქ მომუშავე ადამიანებზე.