ამ მძიმე ეპიდვითარებაში, საპროტესტო აქციები ყოველდღიური სიკვდილიანობის ზრდას უწყობს ხელს, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ აქამდე საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება იყო რთული, დღეს ის ურთულესად შეიძლება შეფასდეს.
„ამ ვითარებას ზეპარტიული და ზეპოლიტიკური მიდგომა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, პროცესი უმართავი გახდეს. კლინიკები და მედპერსონალი თავისი შესაძლებლობის ზღვარზე იმყოფება. პრაქტიკულად, ყველა რეანიმაციული საწოლი დაკავებულია. საზოგადოების სიფრთხილე კი კვლავ არ ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ვაქცინები „არჩევაზეა“, ვაქცინაციის ტემპი მაინც საგანგაშოდ დაბალია. ვითარებას განსაკუთრებით ამძიმებს ქუჩის აქციები, რაც პირდაპირპროპორციულად ზრდის რისკებს და მოქალაქეების სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. თხოვნით მივმართავ ყველა პოლიტიკოსს და ყველა პარტიის ლიდერს, ამ ურთულეს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში უარი ვთქვათ ქუჩის აქციებზე ან მინიმუმ გარკვეული დროით გადავდოთ მაინც“, – განაცხადა ხუნდაძემ.