კობახიძე: პანდემიამ მძიმე დარტყმა მიაყენა ეკონომიკას, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი გახდა პრემიერი, მან მიიღო სწრაფი გადაწყვეტილებები და ამან შეცვალა ტენდენცია

306

პანდემიამ ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა ეკონომიკას. როდესაც შეიცვალა მთავრობა და ირაკლი ღარიბაშვილი გახდა პრემიერ-მინისტრი, მან მიიღო სწრაფი გადაწყვეტილებები და ამან შეცვალა ეს განვითარების ტენდენცია. საშუალო ეკონომიკური ზრდა ამ ცხრა თვის მაჩვენებლებით არის 11,3%, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, შარშან ქვეყანას ჰქონდა სერიოზული ეკონომიკური ვარდნა და პირველი ორი თვე, იანვარი და თებერვალიც დასრულდა მინუსით.

„რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო ეს დარტყმა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ვიცით, რომ ეს ტენდენცია უკვე შემოტრიალდა. როდესაც შეიცვალა მთავრობა და ირაკლი ღარიბაშვილი გახდა პრემიერ-მინისტრი, მან მიიღო სწრაფი გადაწყვეტილებები და ამან შეცვალა ეს ტენდენცია. არცერთი თვე აღარ გვქონია მას შემდეგ ჩავარდა, პლუსით დავამთავრეთ ყველა თვე მარტიდან მოყოლებული და საშუალო ეკონომიკური ზრდა ამ ცხრა თვის მაჩვენებლებით არის 11,3%. წლის ბოლოს აუცილებლად ორნიშნა მაჩვენებლით დავხურავთ, რაც ნომერ პირველი მაჩვენებელია რეგიონში და ევროპის მასშტაბით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვადაზე ადრე შევასრულეთ ის დაპირება, რომელიც გავეცით საპარლამენტო არჩევნებამდე. ჩვენ ვთქვით, რომ ამ წლის ბოლომდე ჩვენ დავუბრუნდებით ქართული ეკონომიკის იმ ნიშნულს, რომელიც პანდემიამდე იყო დაფიქსირებული, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სწრაფი ტემპით განვითარება. კარგი პროგნოზებია სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის და პროგნოზების ნაწილშიც მოწინავე ვართ, თუმცა გვჭირდება ახალი ინიციატივები ეკონომიკის ნაწილში და ამაშიც პარლამენტი და მთავრობა უნდა იყოს ჩართული იმისთვის, რომ უფრო სწრაფად განვითარდეს ეკონომიკა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.