“ოცნების” გასაგონად მინდა ვთქვა, მე ვარ პარლამენტში, ეს პროტესტის ფორმა არის აბსოლუტურად მშვიდობიანი – არ ვაპირებ სხდომების, კომიტეტების ან ვინმეს მუშაობაში ხელის შეშლას,- ამის შესახებ “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც გუშინ საღამოდან იმყოფება და შიმშილობს.
მისი თქმით, პარლამენტიდან გასვლას არ აპირებს.
„ვაგრძელებ შიმშილობას, გეგმა ვერ შეიცვლება მანამ, სანამ პრეზიდენტს არ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში და არ იქნება მისი ჯანმრთელობის გარანტიები. ეს არ არის თამაში, ეს არის ძალიან დიდი რისკი და ეს არის ასევე, კანონის მოთხოვნა. ეს არის ყველაზე მინიმალური, რეალისტური მოთხოვნა, რაც აბსოლუტურად ყველას ინტერესში შედის, მე ვერ წარმომიდგენია, საერთოდ, როგორ მივედით აქამდე, რომ ადამიანის სიკვდილზე ვსაუბრობთ ასე ხელაღებით.
მე აბსოლუტურად მშვიდად ვაგრძელებ პროტესტს. ერთი რამ მინდა ვთქვა, მათ შორის, “ოცნების” გასაგონად, მე ვარ პარლამენტში, ეს პროტესტის ფორმა არის აბსოლუტურად მშვიდობიანი. მე არ ვაპირებ არც სხდომების, კომიტეტების ან ვინმეს მუშაობაში ხელის შეშლას. არა იმიტომ, რომ ეს არ მიქნია არასდროს, არამედ იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ მშვიდობიანი პროტესტის ფორმა არის მნიშვნელოვანი და მე არავის ვეჯინები. კონტაქტი არავის ჰქონია (უმრავლესობიდან), ოპოზიციური პარტიები ყველანი კონტაქტზე არიან, დღეს შემეხმიანა ამერიკის საელჩო, გავაცანი ჩემი მოთხოვნები,”- განაცხადა ხოშტარიამ.
მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ სხვებიც გამოთქვამენ შიმშილობის სურვილს, რაც სასურველი არ არის.
„ხან „ლელოში” ვიქნები, ხან აქ, „ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციაში. შეთავაზებები ბევრი ფრაქციიდან მაქვს, მაგრამ პარლამენტიდან ფეხს არ გავადგამ. მოვისმინე, რომ რამდენიმე ადამიანი გეგმავს შემომიერთდეს, ერთია ირაკლი გოგუაძე, რომელმაც დაწერა, მე არავითარი სურვილი და მოლოდინი არ მაქვს, სხვებმაც მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება. ეს არის არასასურველი ფორმა, მათ შორის ჩემთვისაც, არ არის სასურველი ადამიანებმა ეს გადაწყვეტილება მიიღონ”, – განაცხადა ხოშტარიამ.