სარჯველაძე: საპარლამენტო მანდატს ოპოზიციონერები მხოლოდ მათი პატიმარი ლიდერის მონახულების საშუალებად განიხილავენ

237

საპარლამენტო მანდატს ოპოზიციონერები მხოლოდ მათი პატიმარი პოლიტიკური ლიდერის მონახულების საშუალებად ან რომელიმე მათთვის მერკანტილურად აუცილებელი ცვლილების მხარდასაჭერის მექანიზმად განიხილავენ, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება ამას სწორად აფასებს, რაც მათ პოლიტიკურ მხარდაჭერაში აისახება.

„მანდატის გამოყენება სწორია, მაგრამ არა იმ არგუმენტებით, რაც დასახელდა. ის არგუმენტი, რომ ციხეში შესვლის საშუალება ექნება ან არ ექნება აბსოლუტურად არარელევანტურია. სამწუხაროც ეს გახლავთ, რომ საპარლამენტო მანდატს ოპოზიციონერები უყურებენ მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებლობას არა პოლიტიკური პროცესების, ადამიანთა საკეთილდღეოდ მუშაობის საშუალებას, არამედ ამას განიხილავენ როგორც მათი პატიმარი პოლიტიკური ლიდერის მონახულების საშუალებად ან რომელიმე მათთვის მერკანტილურად აუცილებელი და საჭირო ცვლილების მხარდასაჭერის მექანიზმად და არა კონკრეტული ფუნქციების განსახორციელებლად. ასეთი არათანამიმდევრული გადაწყვეტილებები რასაკვირველია, ადრე თუ გვიან, აბსოლუტურად ნათელი ხდება მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, როცა ეს უკვე ითარგმნება იმაში, რომ არცთუ მაინცდამაინც მაღალი მხარდაჭერა აქვთ ოპოზიციურ პარტიებს, ეს არის მიზეზი, რაც მოყვება არათანამიმდევრულ ლოგიკას. ამიტომაც არის, რომ შარშანდელ არჩევნებზე ჭიქაში მოწყობილი ქარიშხალი და ახლა ბაქი-ბუქი არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც დამარცხდა ოპოზიცია ამჯერად უკვე თვითმმართველობის არჩევნებში”, – განაცხადა სარჯველაძემ.