ბარამიძე: 7 ნოემბერი არ მაკომპლექსებს, ამის გამო სააკაშვილმა აიღო პასუხისმგებლობა

852

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, მას 7 ნოემბერი არ აკომპლექსებს. ის ამბობს, რომ მათ ყველაფერი ახსოვთ და თავის დროზე 7 ნოემბერზე პასუხისმგებლობა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმაც აიღო. ღამის კურიერის წამყვანმა მას ჰკითხა, რამდენად მიზანშეწონილი იყო ენმ-ის მიერ აქციის დანიშვნა 7 ნოემბერს, როცა ამ თარიღს ტელეკომპანია იმედის, ტელეკომპანია კავკასიის გაჩერება, აქციის დაშლა უკავშირდება. ბარამიძის თქმით, არ აქვს პრობლემა, ამ დღეს გამოვიდეს “საქართველოს თავისუფლებისთვის საბრძოლველად”.

“ის, რომ ადრე 7 ნოემბერი მოხდა, ეს არ გვაკომპლექსებს აბსოლუტურად. ძალიან კარგად გვახსოვს ყველაფერი. არც არაფერი არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან. პირიქით, კარგად უნდა გვახსოვდეს ყოველთვის; ყოველთვის გავააანალიზოთ; ყოველთვის შეცდომები ვაღიაროთ, როგორც ამის ვაჟკაცობა ეყო პრეზიდენტ სააკაშვილს და ეს სწორედ რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ამის გამო მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და თანამდებობიდან გადადგა, რის ახლოსაც კი რომ არ არის, აი, ის რეჟიმი, რომელსაც დღეს ჩვენ ვებრძვით”, — განაცხადა ბარამიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ მისთვის აქციის გასამართად ნებისმიერი თარიღი მისაღებია. მისივე თქმით, სამწუხარო ფაქტია ის, რომ ხელისუფლებას ძალის ისე გამოყენება დასჭირდა, როგორც ეს 7 ნოემბერს მოხდა.

“ნებისმიერი თარიღი შეიძლება იყოს. მე პირადად არანაირი კომპლექსი არ მაქვს ამისი იმიტომ, რომ ჩვენ არ უნდა დავემალოთ ჩვენს ისტორიას, მათ შორის, იმას, რაც არ არის სასიამოვნო და ენის მოჩლექვით არავის არ უნდა ველაპარაკოთ. ეს არ იყო სწორი — ეს თქვა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. იყო ძალიან სამწუხარო, რომ იმ ძალის და ისე გამოყენება დასჭირდა ხელისუფლებას, როგორც ეს გააკეთა”, — თქვა გიორგი ბარამიძემ.

31 ოქტომბრის აქცია ოპოზიციამ ცესკოს მიერ არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დაგეგმა. თბილისის მერობის კანდიდატმა პარლამენტთან შეკრებილებს სამოქმედო გეგმა გააცნო. მისი თქმით, უკან დახევას არ აპირებენ — სამშაბათს ბათუმში ჩავლენ, რათა ადგილზე გააპროტესტონ, შემდეგ ქუთაისში და სხვა ქალაქებში, ბოლოს კვირას კი აქცია თბილისში გაიმართება.

მოგვიანებით დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ შეეშალათ და 7 ნოემბერს აღარ გამართავენ. ამის შემდეგ ნაციონალურ მოძრაობაში განაცხადეს, რომ აქცია 6 ნოემბერს ჩატარდება.