აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე აჭარაში არსებულ უმთავრეს პრობლემებსა და 2022 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ იმ ფინანსებსა და პროგრამებზე ისაუბრა, რაც ამ გამოწვევებს აღმოფხვრის.
მისივე თქმით, დაიწყება ახალი სოციალური სახლის მშენებლობა, სადაც 100-მდე ოჯახი მიიღებს ახალ საცხოვრებელს.
„ჩვენთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების გადაჭრა და ერთ-ერთი ასეთი პრობლემაა უსახლკარო, გეოლოგიური პროცესებით დაზარალებული ოჯახების ბედი. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელს დაიწყება ახალი სოციალური სახლის მშენებლობა, სადაც 100-მდე ოჯახი მიიღებს ახალ საცხოვრებელს, 2 წლის პერიოდში.
ასევე, მინდა მოგახსენოთ, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ფერდსამაგრი სამუშაოების დაფინანსება, რომელიც არის ნომერი პირველი პრობლემა და გამოწვევა მუნიციპალიტეტისთვის, 50% იზრდება. მაღალმთიანი აჭარის კუთხით და ქობულეთის მიმართულებითაც ახალი სატრანსფერო დაფინანსების ნაწილში იგეგმება ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიც არის სპორტული მოედნები, სარაგბო სტადიონები, 3 მუნიციპალიტეტში მოხდება 3 ახალი სარაგბო სტადიონის მშენებლობა. განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში მოხდება დაბების კეთილმოწყობა და მათი თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვა. ასევე, იგეგმება რამდენიმე ახალი სკოლის და ბაღის მშენებლობა, როგორც მაღალმთიან აჭარაში, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტში“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.