მიხარია, რომ ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დავასრულეთ. ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით თქმით, უკვე დაიწყო პარკის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, რომელიც კასკადისა და შადრევნის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო პროექტის მომზადებაში – დარგის სპეციალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. დაახლოებით, 34 ჰექტრის ათვისება მოხდა. აქედან 19 ჰექტარი მთლიანად რეაბილიტირებულია. ამ სივრცეში მოეწყო სხვადასხვა ზონა – საპიკნიკე ზონები, შეკრების ადგილები, ატრაქციონები, შშმ პირთათვის ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკები, ველობილიკები, სავარჯიშო და სარბენი 2კმ-ზე მეტი სიგრძის ბილიკი, თუმცა ჩვენ ამით არ შემოვიფარგლებით. სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც მოიცავს ცენტრალური შადრევნის რეაბილიტაციას და არსებული კასკადის მოწესრიგებას. ასევე, ფერდებზეც ვაპირებთ ბილიკების პროექტის განხორციელებას. უდიდესი სივრცეა. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ხალხი, რომელიც სარგებლობს ამ პარკით, ძალიან კმაყოფილია. დარწმუნებული ვარ, მომავალში ბევრ ასეთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. ამ პროექტის ფარგლებში, ასევე, მთლიანად მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა, მიწისქვეშა კომუნიკაციები, განათება და სარწყავი სისტემები. ამჟამად მიმდინარეობს ბალახის დათესვის სამუშაოები და გაზაფხულ-ზაფხულში აქაურობა ულამაზესი იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა.
ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია. გაწეული სამუშაოების შედეგს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო. ვაკის პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები 2019 წელს შემუშავებული წინასაპროექტო კვლევებისა და ფუნქციური ზონირების რუკის საფუძველზე დაიწყო. მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2022 წლის ბოლოსთვის იგეგმება.