“ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა, მივდივართ მთაწმინდაზე” – “ოცნებას” ხალხი თბილისში იმერეთიდნაც მოჰყავს

282

დილიდან ხელისუფლებას საყოველთაო მობილიზაცია აქვს გამოცხადებული იმერეთში – რეგიონის თორმეტივე მუნიციპალიტეტში “ოცნებამ” მხარდამჭერები და სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულები შეკრიბა და დედაქალაქში მოჰყავს. ინფორმაციას მთვარი არხი ავრცელებს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ილია ჭავჭავაძის დაბადების დღის აღსანიშნად მთაწმინდაზე მიდიან, ნაწილი ამბობს, რომ მედიკამენტები უნდა იყიდოს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლებამ დღევანდელი აქციისთვის მზადება რამდენიმე დღით ადრე დაიწყო. “ოცნების” დავალება იყო, რომ იმერეთიდან თბილისში რამდენიმე ათასი ადამიანი წასულიყო, თუმცა ოპოზიციაში ამბობენ, რომ საჯარო სამსახურებში დასაქმებულების დიდი ნაწილი მოთხოვნას არ დათანხმდა.

“ადგილობრივი თვითმართველობა ამ აქციის გამო რამდენიმე დღეა პარალიზებული, სიებით ზიან და მუშა რომ მუშაა და მეხანძრე რომ მეხანძრეა იმას არ ტოვებენ ქუთაისში, უნდათ რომ წაიყვანონ ამ აქციაზე”, – თქვა ენმ-ს წევრმა, გიგა შუშანიამ.

ცნობისთვის, ხელისუფლებას დედაქალაქში მხარდამჭერები სხვადასხვა რეგიონებიდან ავტობუსებით მოჰყავს.