“ქართული ოცნების“ აქციაზე მისულ მოქალაქეებს პირბადეებს დაურიგებენ 

297

ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ, რომ ყველა ადამიანი იყოს პირბადით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც მმართველი გუნდის მიერ დღეს დაგეგმილ აქციაზე კორონავირუსის შესაძლო გავრცელების რისკები შეაფასა.

მდინარაძის თქმით, თუკი ვინმე პირბადით არ იქნება, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მოუწოდებენ მას, რომ პირბადე გაიკეთოს.

„ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები მიაწვდიან პირბადეს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც არ იქნება პირბადით და ამით ჩვენ მინიმუმამდე დავიყვანთ რისკებს, რომ კოვიდის გავრცელების საფრთხე დღეს პრაქტიკულად არ არსებობდეს.

ასევე ყველა ადამიანს მოვუწოდებ, რომ დავიცვათ ის ელემენტარული რეგულაცია, რასაც პირბადის გაკეთება ჰქვია. ჩვენ მინიმუმამდე დავიყვანთ ერთი ადამიანიდან მეორეზე ვირუსის გავრცელების რისკს. ამ მხრივ, პრობლემები არ იქნება და ამის მენეჯმენტიც კარგად იქნება დალაგებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.