თბილისში რეაბილიტირებული გუდიაშვილის მოედანი გაიხსნა.
„უბედნიერესი ადამიანი ვარ, როგორც ამ ქალაქის მერი, ამ ქალაქში მცხოვრები, ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე, რომ დღეს მაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთი, განახლებული, მოწესრიგებული, რეაბილიტირებული გუდიაშვილის მოედანი ვაჩუქოთ თბილისელებს“, – განაცხადა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თბილისის მერმა კახა კალაძემ.
კახა კალაძის ინფორმაციით, დაახლოებით 30 შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, საიდანაც 22 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
თბილისის მერის თქმით, აღნიშნული მიდგომა და დამოკიდებულება ძველ თბილისთან მიმართებაში მომავალშიც გაგრძელდება.
“კულტურული მემკვიდრეობა არის ის ძვირფასი საგანძური, რომელიც ჩვენ შვილებს, ჩვენ მომავალ თაობებს უნდა გადავცეთ. ეს არის ჩემი დამოკიდებულება ქალაქის, თბილისელების მიმართ, ასეთი მინდა ძველი თბილისი, ასეთი მინდა ამ ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა”, – განაცხადა კალაძემ.