თენგიზ შერგელაშვილი: “იმედის” დებატებიდან ჩემი მოხსნა კალაძის შტაბში გადაწყდა

1389

„დარწმუნებული ვარ, “იმედის” დებატებიდან ჩემი მოხსნა უშუალოდ კალაძის შტაბში გადაწყდა“, – ეს განცხადება „შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა თენგიზ შერგელაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ მაშინ გააკეთა, როდესაც ეთერში თბილისის მერობის კანდიდატების დებატები მიმდინარეობდა.

„ტელეკომპანია „იმედი“ ორი დღის განმავლობაში მართავდა ჩვენთან მოლაპარაკებას დღეს მერობის კანდიდატებს შორის სატელევიზიო დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვიყავით, მიგვეღო მონაწილეობა აღნიშნულ გადაცემაში და დაგვესვა მწვავე საკითხები, რაც თბილისს და თბილისელებს ყველაზე მეტად აწუხებთ. გადაცემის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ტელევიზიიდან გაუგებარი მიზეზებით შეგვატყობინეს, რომ ჩვენ შეცდომით დაგვპატიჟეს დებატებში და უარი გვითხრეს გადაცემაში მონაწილეობის მიღებაზე”, – განაცხადა შერგელაშვილმა.

მისი თქმით, გაუგებარია, რატომ შეიცვალა ტელეკომპანია „იმედმა“ გადაწყვეტილება.

“აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის უხეშ დაღვევას, რომლის თანახმადაც,  „საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს“. მსგავს ვალდებულებას ითვალისწინებს, ასევე, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტიც.

ჩვენი ვარაუდით ეს იყო სუბიექტური გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, მედია ვერა და ვერ გათავისუფლდა გავლენებისგან. ეს გადაწყვეტილება პირადად კახა კალაძემ მიიღო, რომლისთვისაც ჩემთან დებატი  ყველაზე უხერხული აღმოჩნდა. როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ ერთმანეთში დაპირისპირება სწყურიათ და ამისთვის, მათ ხელში არსებულ ყველა საშუალებას იყენებენ, რადგან ანალოგიური სიტუაციაა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ თან დაკავშირებითაც”, – განაცხადა შერგელაშვილმა.

„შენების მოძრაობის“ ინფორმაციით, აღნიშნულ კანონდარღვევაზე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, უწყებათაშორის კომისიას და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს იმისათვის, რომ “მათ მოახდინონ შესაბამისი რეაგირება და დაიცვან მედია ხელისუფლების ზეგავლენისგან”.