ღარიბაშვილი: 65 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა

360

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილა.

მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა განკარგულება, რომლის თანახმად, 65 დევნილ ოჯახს ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა. ეს საცხოვრებელი ბინები ქუთაისში, ზუგდიდსა და თბილისში მდებარეობს.

როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, დევნილი მოსახლეობის ხელშეწყობა, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. 2012 წლიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფოსგან ათასობით დევნილმა ოჯახმა უკვე მიიღო საკუთრებაში საცხოვრებელი ფართები და ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება.

მთავრობამ, დღესვე დაამტკიცა განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ფოლადის სახლისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, რომლის თანახმად, სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, შპს „ფოლადის სახლს“ ფოლადის ნაწარმის საწარმოს შესაქმნელად, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა გარდაბანში, მარტყოფში, ვაზიანის დასახლებაში მდებარე არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნაგებობები. ფოლადის ნაწარმის საწარმოში, რომელიც პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 2 წლის ვადაში შეიქმნება, 3 819 664 ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება და 50 ადამიანი დასაქმდება.