ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის, როგორც ქვეყნის პრემიერმინისტრი და საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებს. ღარიბაშვილის მტკიცებით, პირადად მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოში ვაქცინები დროულად შემოეტანა და სულ რაღაც 3 თვეში სახელმწიფომ 2 მილიონამდე ადამიანის აცრა შეძლო.
“მე მინდა ცალსახად ვთქვა, მე, როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერმინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას, მე მინდა ეს ყველამ კარგად იცოდეს. ჩვენს მოქალაქეებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება და საშუალება. მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ჩამომეტანა დროულად საკმარისზე მეტი ვაქცინა, მილიონზე მეტი ვაქცინა ჩამოვიტანე და პირადად ვიყავი ჩართული ამ მოლაპარაკების პროცესში და ყველანაირი ვაქცინა ჩამოვიტანეთ საქართველოში”, — თქვა ღარიბაშვილმა.
როგორც ღარიბაშვილი ამბობს, ანტივაქსერული კამპანია ყველგან, მათ შორის ამერიკაშიც და ევროპულ ქვეყნებშიც არის. მისივე თქმით, ადამიანები არა დეზინფორმაციას, არამედ მეცნიერებას უნდა ენდონ.
“ეს პროცესი არ არის მხოლოდ ჩვენთან, ძალიან ბევრ ევროპულ სახელმიწფოში, მათ შორის ამერიკაში, ყველგან არის ანტივაქსერების საკმაოდ მძლავრი კამპანია და რეალურად, ჩვენ ვიცით, რომ ეს არის დეზინფორმაცია. კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენ უნდა ვენდოთ მეცნიერებს და არ უნდა დავუგდოთ ყური და არ უნდა დავუჯეროთ ყალბ ინფორმაციებს, ისეთებს, როგორიც ვრცელდება ბატონი ბოტკოველისგან [ნაციონალური მოძრაობის თელავის მერობის კანდიდატი]”, — განაცხადა მან თელავში.
აღსანიშნავია, რომ ბოტკოველის ანტივაქსერული განცხადება არ იძებნება.
საქართველოში სულ 1 948 787 აცრაა ჩატარებული და ერთი დოზით 1 024 099 ადამიანია აცრილი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 36%-ს შეადგენს.