ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში მორიგი ლოქდაუნი არ იგეგმება. მისი თქმით, ბიზნესები გააგრძელებენ მუშაობას, ხოლო პანდემიასთან ბრძოლას უსაფრთხოების წესების კონტროლითა და ვაქცინაციის ტემპის გაუმჯობესებით აპირებენ.
„წლის დასაწყისში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ლოქდაუნის გარეშე, უსაფრთხოების წესების კონტროლით და ვაქცინაციის დაჩქარებით ვებრძოლოთ პანდემიას. ჩვენ ახლაც არანაირ ლოქდაუნს არ ვგეგმავთ, დარწმუნებული ვართ, რომ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გავიღოთ იმისთვის, რომ ვაქცინაცია უფრო დაჩქარდეს. დარწმუნებული ვართ, რომ მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია პანდემიის დამარცხება, ხოლო ბიზნესებმა უნდა გააგრძელონ საქმიანობა.
ჩვენ წინ გვაქვს ზამთრის ტურისტული სეზონი, რომელიც დიდი გამოწვევის წინაშე დგას, ინფიცირების რიცხვის მატება გვაქვს, მაგრამ არ ვგეგმავთ რომ რაიმე შეზღუდვა იყოს, პირიქით მაქსიმალურად უსაფრთხოების წესებს გავამკაცრებთ, ვაქცინაციას გავაძლიერებთ, მაგრამ ბიზნესები იმუშავებენ“, – განაცხადა თურნავამ.
ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი იმატებს, მხოლოდ ბოლო 24 საათში ინფიცირების ახალი 5 219 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის ფონზე, გაიზარდა ბიზნესის მოლოდინი და შიში, რომ ქვეყანაში არჩევნების შემდეგ მორიგი ლოქდაუნი დაწესდება.