თბილისობისთვის გამოყოფილი ნახევარი მილიონი ლარი ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებისთვის შექმნილ ფონდში დღეს გადაირიცხება

355

თბილისის საკრებულომ თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხი განიხილა. სარეზერვო ფონდში გადამისამართდა თბილისობისთვის გამოყოფილი ნახევარი მილიონი ლარი. ეს თანხა დღესვე გადაირიცხება ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის შექმნილი ფონდის ანგარიშზე. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„ეს არის თბილისის და თბილისელების თანხა და ვინაიდან თბილისი არასოდეს გამდგარა განზე ასეთ დროს, ეს თანხაც იქნება ბათუმისადმი გამოხატული მხარდაჭერის, გვერდში დგომისა და თანაგრძნობის ერთგვარი გამოხატულება თბილისისგან“, – აღნიშნა მერმა.

მან კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. შემთხვევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის – 3 ბავშვი.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.