“უფასო კვება თბილისის საჯარო სკოლებში” – რას პირდება ნიკა მელია თბილისელებს

814

შემდეგი სტატია

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების II ტურამდე ორი კვირით ადრე დედაქალაქის ქუჩებში ახალი სარეკლამო ბანერები გამოჩნდა, რომელზეც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას წინასაარჩევნო დაპირებაა გამოსახული – “უფასო კვება თბილისის საჯარო სკოლებში”.  ინფორმაციას ტაბულა ავრცელებს.

როგორც ენმ-ში განმარტავენ, გეგმა დედაქალაქის საჯარო სკოლების აბსოლუტურად ყველა მოსწავლეზეა გათვლილი, მიუხედავად მათი სასკოლო ასაკის, სოციალური სტატუსისა და ეკონომიკური მდგომარეობისა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გეგმის თანახმად, თბილისში რეგისტრირებული 190 000 – 200 000 მოსწავლის გამოკვება სახელმწიფოს, სავარაუდოდ, ყოველწლიურად არაუმეტეს 90-100 მილიონი ლარი დაუჯდება.

ბიუჯეტისა და მოსწავლეთა რაოდენობის გათვალისწინებით, თითოეული მოსწავლის გამოკვებაზე ყოველდღიურად, დაახლოებით, 2.5-3 ლარი დაიხარჯება.

აღსანიშნავია, რომ კვებითი რაციონის, რესურსების განაწილებისა და მენეჯმენტის შესახებ კონკრეტული გეგმა და ბიუჯეტის პროექტი ჯერაც არ არის გასაჯაროებული, რასთან დაკავშირებით ენმ-ში განმარტავენ, რომ გეგმა საჯარო მას შემდეგ გახდება, რაც ნიკა მელიას თბილისის მერად აირჩევენ.