საათობრივი პარკირების ამოქმედებიდან დღემდე, 50 ათასამდე ჯარიმაა გამოწერილი, მიღებული შემოსავალი კი დაახლოებით მილიონ ლარს შეადგენს

371

ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედებიდან დღემდე, დაახლოებით 50 ათასი ჯარიმაა გამოწერილი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, დღეის მდგომარეობით, ზონალურ-საათობრივი პარკირებით მიღებული შემოსავალი მილიონ ლარამდეა.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ზონალურ-საათობრივი პარკირება თბილისის დაახლოებით 70 ქუჩაზე მოქმედებს.

„1.5 წელზე მეტია, რაც ეს პროექტი მოქმედებს. გამოწერილია დაახლოებით 50 ათასი ჯარიმა. ამ მიმართულებით კი დაახლოებით მილიონი ლარია შემოსავალი. ჯარიმებიდან შემოსული თანხა ისევ ამ საკითხის ოპერირებას და ასევე პარკირების მოწესრიგებას ხმარდება. ზონალურ – საათობრივი პარკირების მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მოქალაქეებმა, რაც შეიძლება ნაკლებად, გამოიყენონ ავტომობილი და გადაადგილდნენ ფეხით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ალტერნატიული ტრანსპორტით. ამიტომ ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის ავტომობილის გაჩერება არის უფასო, ხოლო ამ პროექტის არსი არის ის, რომ ის ადამიანები, რომლებიც აუცილებელია ავტომობილით გადაადგილდნენ მათთვის პარკირება იყოს მარტივად შესაძლებელი. საშუალოდ ადამიანი პარკირებაზე ერთი საათის განმავლობაში ჩერდება, შესაბამისად, ერთი ლარის გადახდა უწევს, რომ კომფორტულად შეძლოს გადადგილება და კონკრეტულ ლოკაციაზე მისვლა. აღსანიშნავია, რომ დღეში 4 ლოკაციაზე პირველი 15 წუთი არის უფასო,“- განაცხადა წილოსანმა.