საბურთალოს გამგეობამ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 9 თვის განმავლობაში 126 სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტები გამგეობის ბიუჯეტიდან 3 320 391 ლარით დაფინანსდა.
„ ამორტიზებული 61 ლიფტი რეაბილიტირდა, წყალარინების ქსელი 16 მისამართზე განახლდა, 18 მისამართზე ბრტყელი და ქანობიანი სახურავი შეკეთდა, 4 კორპუსს ჩაუტარდა სართულებშუა ნაპრალების ამოვსების სამუშაოები და სადარბაზოების შიდა სარემონტო სამუშაოები 16 მისამართზე შესრულდა. ასევე, მოწესრიგდა საერთო სარგებლობის სხვა ინფრასტრუქტურა.
პროექტები გამგეობის მიერ 100%-ით დაფინანსდა, ხოლო ამხანაგობამ სამუშაოების ღირებულების 5% ან 10%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსა, რომელსაც შემდგომ საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმარს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.