ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, არ ესმის იმ პედაგოგების და მშობლების, რომლებიც ვაქცინაციაზე უარის თქმით მოსწავლეებს და ოჯახის წევრებს საფრთხის ქვეშ აყენებენ.
“მე არ მესმის იმ პედაგოგების, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე და ამით საფრთხის ქვეშ აყენებენ თავიანთ აღსაზრდელებს, მოსწავლეებს. აგრეთვე, იმ მშობლების, რომელთაც სახლში ჰყავთ ბავშვები ან თუნდაც ასაკოვანი ოჯახის წევრები და არ ზრუნავენ ვაქცინაციაზე. მე არ ვიცი, რაღაცნაირად მასმედიამ, თითოეულმა ადამიანმა როგორმე უნდა ვიმუშაოთ ინდივიდუალურად თითოეულ მოქალაქესთან და დავარწმუნოთ, რომ ჩვენი ხსნა არის ვაქცინაციაში. ამ შემთხვევაში ორივე ვაქცინაციაში, კოვიდის ვაქცინაცია რჩება, რა თქმა უნდა, პრიორიტეტულად, მაგრამ აუცილებელია გრიპის ვაქცინაციაც”, — განაცხადა მან.
მისივე თქმით, აუცილებელია მშობლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალის ვაქცინაცია.
“რა თქმა უნდა, ამაზე ორი აზრიც არ არსებობს, გადამწყვეტია მშობლების აცრაც და სკოლების და ინსტიტუტების პერსონალის აცრაც. ბევრმა ქვეყანამ შემოიღო პედაგოგების სავალდებულო აცრა და პედაგოგებს, რომლებიც არ არიან აცრილი, არ უშვებენ სასწავლო დაწესებულებაში. ჩვენთან იყო ამის მცდელობა, უბრალოდ, მოისინჯა საზოგადოებრივი აზრი, პედაგოგების მნიშვნელოვანმა ნაწილმა მკვეთრი უარი განაცხადა. ესეც დაუშვებელია, ესეც არაჯანსაღი მიდგომაა, ესეც არ შეიძლება. არ შეიძლება, რაღაც აბსურდის თეატრში ვიმყოფებოდეთ, ერთი მხრივ არ გვინდოდეს კოვიდის გავრცელება, არ გვინდოდეს შეზღუდვების გაზრდა, არ გვინდოდეს გარდაცვალების მაღალი რიცხვი, ვის უნდა ეს და მეორე მხრივ, კატეგორიულად არაფერს არ ვაკეთებდეთ”, — აცხადებს ცერცვაძე.
12 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 775 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 623, ხოლო გარდაიცვალა — 37 ადამიანი.