ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი გზავნის მისიას, რომელიც 64 მუნიციპალიტეტში არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდება

305

საქართველოს ხელისუფლების მოწვევის საპასუხოდ, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი გზავნის მისიას, რომელიც 2 ოქტომბერს 64 მუნიციპალიტეტში არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდება. მისიას ევროპის საბჭოს კონგრესმენი ევროპის სახალხო პარტიიდან დევიდ ერეი უხელმძღვანელებს. სადამკვირვებლო მისია მოიცავს კონგრესის 18 დამკვირვებელს 15 ქვეყნიდან. ის განახორციელებს ერთობლივ სადამკვირვებლო საქმიანობას ეუთო/ოდირთან და ევროპარლამენტთან ერთად.

მისია მუშაობას მოსამზადებელი შეხვედრებით დაიწყებს, რომელიც თბილისში, 30 სექტემბერსა და 1-ელ ოქტომბერს გაიმართება, მასში მონაწილეობას მიიღებენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია. ევროპის საბჭოს კონგრესის მისია შეხვედრას გამართავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან გიორგი კალანდარიშვილთან და იუსტიციის მინისტრის მოადგილესა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელ თორნიკე ჭეიშვილთან.

ასევე, გათვალისწინებულია ბრიფინგი ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებთან, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წევრებსა და გრძელვადიან დამკვირვებლებთან ერთად. მოსამზადებელი შეხვედრების დასასრულს მისიის წევრები ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებსა და პარტიების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

არჩევნების დღეს კონგრესის სადამკვირვებლო მისიის 9 ჯგუფი წარმოდენილი იქნება სხვადასხვა ქალაქსა და მიმდებარე სოფლის ტიპის დასახლებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

3 ოქტომბერს, 15:00 საათზე, მისია მუშაობის დასასრულისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს ეუთო/ოდირთან და ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებთან ერთად.