ქუჩის სანათები წინასაარჩევნოდ – თბილისის მერიამ ბიუჯეტი 120 ათასი ლარით აზარალა. რადიო თავისუფლებამ გამოიკვლია, რომ დაახლოებით 10 დღის წინ, გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე 300 ცალი ახალი, დიოდური LED სანათი დაამონტაჟეს. ეს სანათები ქუჩას უკეთაც ანათებს და დიდხანსაც ძლებს, თუმცა, მერიამ სანათები იმაზე ძვირად იყიდა, ვიდრე შეეძლო.
დედაქალაქის 5 ქუჩის გასანათებლად, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა. სანათები დაჩქარებული წესით “თბილსერვის ჯგუფმა” 490 000 ლარად შეიძინა. იგივე სანათები მერიას ტენდერით რომ ეყიდა, 120 000 ლარით იაფი დაუჯდებოდა.
ოფიციალური მიზეზით, დაჩქარებული შესყიდვა მერიას იმიტომ დასჭირდა, რომ სანათებზე გამოცხადებული ტენდერი გაჭიანურდა.
“რადიო თავისუფლებას” კი წყარო უყვება, რომ ტენდერი ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ჯგუფთან” დაკავშირებულ კომპანიაზე იყო მორგებული, რაც კონკურენტმა კომპანიებმა გაასაჩივრეს და დღემდე ამიტომ ვერ დასრულდა.
ჯამში, “ვიზულოსთან” სასწრაფოდ გაფორმებული 2 კონტრაქტით თბილისის ბიუჯეტმა 120 ათასი ლარი იზარალა. აღსანიშნავია, რომ ტენდერით გათვალისწინებული 1 700 სანათიდან, მერიამ ჯერ მხოლოდ 600 იყიდა.