ახალციხის საკრებულომ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ პეტიციაზე, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებას გულისხმობს, მუშაობა დაიწყო. საკითხის შესწავლა სივრცითი– ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიას დაევალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
„ინფრასტრუქტურის კომისია საკითხის განსახილველად შესაბამის სპეციალისტებს მოიწვევს. პროექტის დასრულება სავარაუდოდ ახლი მოწვევის საკრებულოს მოუწევს, რადგან ახლანდელს 2 ოქტომბერს უფლებამოსილების ვადა ეწურება“,– ამბობს პეტიციის ავტორი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კოორდინატორი, თამუნა უჩიძე.
მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემის მოგვარების მიზნით, მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა მელიქიძემ, შესაბამისი დოკუმენტი მოამზადა და სავარაუდო თანხაც გაწერა. დოკუმენტში წერია, რომ ახალციხეში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისთვის საჭიროა 6 ავტობუსი, რომლის შესაძენად 350 ათასი ლარი უნდა განისაზღვროს, ამას ემატება სხვა ხარჯებიც, რომლებიც ჯამში წლიურად 516 ათას ლარს შეადგენს.
ზაზა მელიქიძის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ სატრანსპორტო საშუალებით მგზავრობის ტარიფი 0.50 თეთრი იქნება, შემოსავალი თვეში 20 000 ლარს, წელიწადში კი 240 000 ლარს შეადგენს. წლიურ ხარჯსა და შემოსავალს შორის კი სხვაობა 276 000 ლარია.
მერიის მიერ მომზადებულ დოკუმენტაციას, ახალციხის საკრებულოს სივრცითი– ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია განიხილავს.
„ძირითადად მოთხოვნილი იყო ქალაქის (ახალციხის) ტრანსპორტით უზრუნველყოფა. ჩვენ დავამატეთ სოფლებიც. კომისია ქალაქზე და სოფლებზეც ერთობლივად იმუშავებს. ჩვენს შემდეგ საკრებულოს გამზადებულ პროდუქტს დავახვედრებთ. ახალი მოწვევის საკრებულომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება გამოათავისუფლებს თუ არა თანხებს ამ პრობლემის მოგვარებისთვის“,– ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე.
მისივე თქმით საკრებულოს კომისია გეგმავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამოცდილება გაიზიაროს, რადგან აღნიშნულ ქალაქს წლებია ჰყავს მუნიციპალური ტრანსპორტი.
ახალციხეში საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დღემდე, მხოლოდ ერთი, ავტოსადგურიდან– საავადმყოფოს მიმართულებით მოძრაობს. მოქალაქეები ტრანსპორტის რაოდენობის გაზრდას და სხვადასხვა ქუჩებზე მარშრუტების დამატებას ითხოვს. თI-ს პეტიციას ხელს 500 ადგილობრივი აწერს.
ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი 40 თეთრია, აქედან ნახევარს ახალციხის მერია ფარავს, რისთვისაც ყოველწლიურად ბიუჯეტიდან 22 000 ლარი გამოიყოფა.