გლდანის რაიონში, შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ, დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლებით გამაგრება დასრულდა. პროექტის განხორციელებაში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სპეციალისტები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ამ ტერიტორიაზე განხორციელდა დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლებით გამაგრება, რის ფარგლებშიც განხორციელდა ხიმინჯოვანი საყრდენი კედლის მოწყობა, ანკერებისა და რკინა-ბეტონის ბადეების საშუალებით, ასევე, გრუნტის ცემენტის ხსნარით სტაბილიზაცია. გარდა ამისა, ფერდობის დატერასება მოხდა და ჩატარდა ე.წ. ფრანგული კედლის მოწყობის სამუშაოები. მნიშვნელოვანია, რომ ფერდზე დამონტაჟდა მონიტორინგის სისტემები, რაზეც კონტრაქტორი კომპანია ვალდებულია დაკვირვება ხუთი წლის მანძილზე განახორციელოს. პროექტის განხორციელების შედეგად, შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ არსებულ თექვსმეტ სართულიან საცხოვრებელ კორპუსებს საფრთხე აღარ ემუქრება. ასევე, დაცულია გზის სავალ ნაწილზე გადაადგილების უსაფრთხოება. სამუშაოები 2019 წელს დაიწყო და 2021 წლის აგვისტოს თვეში დასრულდა. სამუშაოები ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, შპს „კავკასუს როუდ პროჯექტის” მიერ შესრულდა, რომლის ღირებულება 20 872 010, 64 ლარია“, – აცხადებს კახა კალაძე.