საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისია (სემეკი) ელექტროენერგიის მომხმარებლებისათვის საფასურის გადახდის ვადებზე ინფორმაციას აქვეყნებს.
მათი განმარტებით, გადაუხდელობის გამო, ნებისმიერი კატეგორიის მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა დაუშვებელია უქმე დღეებში, დასვენების დღეებში – შაბათს და კვირას, აგრეთვე, უქმე დღისა და შაბათ-კვირის წინა დღეს. სემეკ-ის ცნობით, ასევე, 18:00 საათიდან 09:00 საათამდე პერიოდში, ელექტრომიმწოდებელ კომპანიას ელექტროენერგიის გათიშვის უფლება არ აქვს, თუ აბონენტის მიერ გადახდილი საფასური 2 ლარით ნაკლებია სრულ ოდენობაზე.
როგორც სემეკ-ში აღნიშნავენ, ასევე, გადაუხდელობის გამო, ელექტრომიმწოდებელი კომპანია არ არის უფლებამოსილი ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტოს მომხმარებელს, რომელსაც წარდგენილი აქვს დეპოზიტი.
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) მომართა არაერთმა მოქალაქემ ქ. თბილისში მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხული საფასურის გადახდის ვადების შემცირებასთან დაკავშირებით. კერძოდ, მოქალაქეების ინფორმაციით, შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თელმიკო) მოქალაქეებს საფასურის გადახდას სთხოვს ქვითრის მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ვადების შემცირების საფუძვლად კი, სემეკის დადგენილებას ასახელებს. აღნიშნული არ წარმოადგენს სემეკის შესაბამისი დადგენილების სწორ განმარტებას.
„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ სემეკის 2020 წლის 13 ნოემბრის N59 დადგენილების შესაბამისად, ელექტროენერგიის დარიცხული საფასურის გადახდის ვადა არ უნდა იყოს ქვითრის მიღებიდან (მომზადებიდან) 10 სამუშაო დღეზე ნაკლები. ასევე, თუ ქვითარში მითითებული გადახდის ბოლო ვადა ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეებს ან დასვენების დღეებს – შაბათსა და კვირას, გადახდის ბოლო ვადად ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.
წესების შესაბამისად, გარკვეული კატეგორიის მომხმარებლებისთვის დაწესებულია შეღავათი და შეეხება იმ პირებს, რომლებიც განეკუთვნებიან შემდეგ კატეგორიებს:
პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში;
მარტოხელა პენსიონერები;
პირები, რომლებიც „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იღებენ საარსებო შემწეობას, რეინტეგრაციის შემწეობას ან სარგებლობენ სოციალური პაკეტით;
პირები, რომლებიც სარგებლობენ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსით, ჰყავთ ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი/ნაშვილები.
ამ კატეგორიის მომხმარებლებს მომსახურების საფასურის გადასახდელად ელექტროენერგიის მიმწოდებელმა კომპანიამ უნდა განუსაზღვროს დამატებითი გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა იყოს ორ კვირაზე ნაკლები. თავის მხრივ, სტატუსით მოსარგებლე მომხმარებელმა, უნდა აცნობოს მიმწოდებელ კომპანიას აღნიშნულის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში წარუდგინოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი.
გადაუხდელობის გამო, ნებისმიერი კატეგორიის მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა დაუშვებელია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უქმე დღეებში, დასვენების დღეებში – შაბათს და კვირას, აგრეთვე, უქმე დღისა და შაბათ-კვირის წინა დღეს. ასევე, 18:00 საათიდან 09:00 საათამდე პერიოდში, ელექტრომიმწოდებელ კომპანიას ელექტროენერგიის გათიშვის უფლება არ აქვს, თუ აბონენტის მიერ გადახდილი საფასური 2 ლარით ნაკლებია სრულ ოდენობაზე.
ასევე, გადაუხდელობის გამო, ელექტრომიმწოდებელი კომპანია არ არის უფლებამოსილი ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტოს მომხმარებელს, რომელსაც წარდგენილი აქვს დეპოზიტი. აღნიშნული არ ვრცელდება იმ მომხმარებელზე, რომლებიც დროებით სარგებლობენ უძრავი ქონებით ან მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების საშუალო თვიური ღირებულება აღემატება 50 000 ლარს (არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი).
სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ ნებისმიერი ტიპის დარღვევის შემთხვევაში, მომართონ კომისიას ქოლცენტრის საშუალებით ნომერზე 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან) ან სემეკის Facebook გვერდის საშუალებით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.