პრემიერი: ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უკვე სტაბილურდება

266

პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უკვე სტაბილურდება და ვითარება დამშვიდებისა და დაწყნარებისკენ მიდის, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, “ქართული ოცნების” თიანეთის მერობის კანდიდატის ლევან წიკლაურის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა, სექტემბერის ბოლომდე ვაქცინაცია ყველა მოქალაქემ ჩაიტაროს და დაიცვას როგორც საკუთარი თავი, ასევე მშობლები, ახლობლები და ნათესავები.

„რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ გამოწვევა არის ასევე ხარისხიანი ჯანდაცვა. კოვიდპანდემიაა და ერთმანეთს მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ. ეს პერიოდი მშვიდობიანად უნდა გადავატაროთ. გვესმის, რომ პროცესს უნდა მართვა. არცერთი მოქალაქე დღეს არ არის სახელმწიფო მზრუნველობის გარეშე დარჩენილი, ყველას მკურნალობს და ყურადღებას აქცევს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა. კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს გმირ ექიმებს.

ჩვენი ვარაუდით და ვუსმენთ რა ჩვენს ეპიდემიოლოგებსა და ექსპერტებს, სიტუაცია უკვე სტაბილურდება. დამშვიდებისკენ, დაწყნარებისკენ მიდის ვითარება, საჭიროა, სექტემბერის ბოლომდე ვაქცინაცია ყველა მოქალაქემ ჩაიტაროს და დაიცვას საკუთარი თავი, მშობლები, ახლობლები და ნათესავები.

სექტემბრის ბოლომდე ჩვენი დიდი ვარაუდით და ეს დავალება მაქვს მიცემული, სასურველი იქნებოდა, 2 მილიონი აცრის ჩატარება. შედეგად, მილიონზე მეტი იქნება აცრილი, მილიონს, მეტს თუ არა, კოვიდი აქვს გადატანილი და საბოლოო ჯამში, სიტუაცია დამშვიდდება. რაც მთავარია, ჩვენ მოვახერხეთ და ტურიზმი არ გავაჩერეთ. ტურიზმის აღდგენა ხდება სწრაფად. ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს. გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა. სეზონი არ ჩავარდა. არც მთასა და არც ზღვაზე. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება და ეს ყველაფერი გადის ვაქცინაციაზე. ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი, მაგრამ უნდა გავითავისოთ, რომ ეს არის უსაფრთხო. უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.