ქუთაისის მერიამ ბალახვანის კიბის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა

745

სამწლიანი დაპირების შემდეგ, ქუთაისის მერიამ ბალახვანის კიბის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა.

მუნიციპალიტეტს სამუშაოებისთვის ბიუჯეტში თანხა ისევ არ აღმოაჩნდა და სამი წლის წინ გასაკეთებელი პროექტის დაფინანსება ევროკავშირისა და სახელმწიფოს ინტეგრირებული პროგრამის ფარგლებში ითხოვა. რეგიონების განვითარების მიზნით შერჩეულ პროექტებს შორის ასსაფეხურიანი კიბეც მოხვდა, რისთვისაც 740 928 ლარი დაიხარჯება.

ბალახვანის კიბე “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში,  ქუთაისში ერთ-ერთი მასშტაბური დაპირებაა. მერიამ ჯერ პროექტი შეცვალა, შემდეგ კი თქვა, რომ სამუშაოებისთვის თანხა არ ჰქონდა. თვითმმართველობას დაპირება ისევ წინასაარჩევნოდ გაახსენდა.

უკვე არსებობს ესკიზიც, რომლის მიხედვითაც წლების განმავლობაში ამორტიზებულ კიბეს რეკონსტრუქცია უნდა ჩაუტარდეს.