ქარსელაძე: ახალი გზისა და გვირაბის პირობებში ყაზბეგის 10 სოფლის მოსახლეობას არაერთი პრობლემა მოეხსნება

362

ქვეშეთი-კობის 23 კილომეტრიანი გზისა და 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მეტეოროლოგიური პირობების გამო არც ერთი გზა აღარ ჩაიკეტება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ „ქართული ოცნების“ ყაზბეგის მერობის კანდიდატის ბაკურ ავსაჯანიშვილის წარდგენაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი გვირაბისა და გზის ამოქმედების შემდეგ, 10 სოფლის მოსახლეობას, კლიმატური პირობების გამო წარმოქმნილი არაერთი შეზღუდვა მოეხსნება და გარდა ამისა, შიდა გზების ქსელი მოეწყობა.

“ის 10 სოფელი, რომელიც ამ გზაზე მდებარეობს და რომელსაც ზამთარში სწორედ კლიმატური და მეტეოროლოგიური პირობების გამო ფიზიკური წვდომა არ ჰქონდა წამალზე, სამედიცინო მომსახურებაზე, განათლებაზე, მათ ეს გამოწვევა და პრობლემა საერთოდ მოეხსნებათ. მოეწყობა შიდა გზების ქსელი, რომლის პროექტის დამუშავება უკვე მიმდინარეობს“,- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ჟინვალი-ნატახტარის მონაკვეთის გზის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ, თბილისიდან ყაზბეგში ჩასვლა 1,5 საათში იქნება შესაძლებელი.

ირაკლი ქარსელაძემ ასევე განაცხადა, რომ განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში, უახლოეს მომავალში დაიწყება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ცენტრის რეაბილიტაცია და მშენებლობა, 2025 წლის ბოლოსთვის კი ყაზბეგს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება, გამწმენდი ნაგებობა და წყალარინების სისტემა.